მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაია ცქიტიშვილი: წყალტუბოს გენგეგმის კონკურსში გამარჯვებულები კურორტის განვითარების კონცეფციას უახლოეს მომავალში წარადგენენ

საქართველოს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი

„წყალტუბოს გენგეგმის საკონკურსო განაცხადების პრეზენტაცია, უახლოეს მომავალში უშუალოდ წყალტუბოში გაიმართება“, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, კონკურსში მონაწილე სამივე ქართულ კომპანიას გამოცდილი უცხოელი პარტნიორი ჰყავს და თითოეული მათგანი კურორტის განვითარების კონცეფციებს წყალტუბოში წარადგენს.

„გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ უკვე გენგეგმა გვიჩვენებს, თუ რა მოცულობების მშენებლობის განხორციელებაა შესაძლებელი წყალტუბოს ცენტრალურ ზონაში, სადაც განლაგებულია ის ძირითადი საინვესტიციო პროექტები, მიტოვებული სასტუმროები, რომლებიც საპრივატიზაციო ნუსხაში უნდა მოხვდნენ.

ამის შემდეგ, უკვე ეკონომიკის სამინისტრო გენგეგმის ავტორებთან და საპროექტო ჯგუფებთან ერთად განსაზღვრავს, თუ რა ახალი ტიპის ინფრასტრუქტურაზე უნდა გამოაცხადოს საინვესტიციო წინადადებები“- განაცხადა მინისტრმა.

მაია ცქიტიშვილის თქმით, ამ ეტაპზე წყალტუბოში წყალგაყვანილობისა და წყალარინების სისტემის მოწყობა მიმდინარეობს.

„ჩვენ არ ველოდებით წყალტუბოს გენგეგმას, ვავითარებთ ინფრასტრუქტურას და უკვე გენგემის შერჩევის შემდეგ ეკონომიკის სამინისტრო შეძლებს საინვესტიციო პროექტების გამოქვეყნებას და საშუალება გვექნება არა მხოლოდ წყალტუბოში, არმედ ქვეყანაში მოვიზიდოთ უფრო მეტი უცხოური ინვესტიცია“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, გამარჯვებულმა კომპანიამ წყალტუბოს გენერალური გეგმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში უნდა დაასრულოს, თუმცა, პირველ 3 თვეში კონკრეტული, პირველი ცენტრალური ზონის განვითარების კონცეფცია უნდა წარადგინოს, რაც ეკონომიკის სამინისტროს საინვესტიციო წინადადებების საფუძველი იქნება.

ინფორმაციისთვის, წყალტუბოს გენგეგმის კონცეფციის შემუშავებაზე კონკურსის პირველი ეტაპი 16 ოქტომბერს დაიწყო.

მანამდე, 2019 წლის დეკემბერში, გამოცხადებული კონკურსი შეწყდა, რადგან მასში მონაწილე ერთადერთმა პრეტენდენტმა კურორტის უნიკალური პოტენციალის შესაფერისი ხედვა ვერ წარმოადგინა.