მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მესტიის 18 სასტუმროში საკარანტინო სივრცე განთავსდება

სვანეთი, მესტიის მუნიციპალიტეტი

მესტიაში 18 სასტუმროში საკარანტინო სივრცე განთავსდება. გამოყოფილია 327 ოთახი. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

აღნიშნული განთავსების ობიექტები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ჯანდაცვის სტანდარტებსა და უსაფრთხოების ნორმებს, სასტუმროს მეპატრონეების თანხმობით, საკარანტინო სივრცეებად გადაკეთდა. ასევე მიმდინარეობს მუშაობა სხვა სასტუმროებთან მესტიის მუნიციპალიტეტში, რომლებიც ჯანდაცვის სტანდარტების დაკმაყოფილებისა და მეპატრონეთა თანხმობის შემთხვევაში, ასევე შეიძლება საკარანტინე სივრცეების პროგრამაში ჩაერთონ“,- ნათქვამია ტურიზმის ადმინისტრაციის განცხადებაში.

როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, მესტიის მუნიციპალიტეტში მყოფი ვიზიტორები კარანტინის გავლას აღნიშნულ საკარანტინე სივრცეებში შეძლებენ. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ვიზიტორებს, ექნებათ შესაძლებლობა, კარანტინი მესტიის მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ გაიარონ. ასეთ შემთხვევაში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ვიზიტორების შესაბამის საკარანტინო სივრცეებამდე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

უკვე შექმნილია ცხელი ხაზი - 144, რომლის მეშვეობითაც ყველა დაინტერესებული პირი ინფორმაციის მიღებას შეძლებს, მათ შორის, როგორ მოხდეს მათი აღრიცხვა და ორგანიზებული გადაყვანა საკარანტინო სივრცეებში. ასევე გრძელდება მუშაობა მესტიის მუნიციპალიტეტში მყოფ ვიზიტორებსა და განთავსების ობიექტების წარმომადგენლებთან“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, უშგულში, ლენჯერსა და დაბა მესტიაში შეზღუდვები დაწესდა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მესტიაში კორონავირუსის 17 შემთხვევა გამოვლინდა.