მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოზურგეთში ინტერნეტის ქსელის მშენებლობა დაიწყო

ოზურგეთის ინტერნეტიზაცია

„რამდენიმე თვეში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მთავრობის მიერ შერჩეულ საპილოტე რეგიონში - ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 49 სოფლის 30 000-მდე მოსახლეს შესაძლებლობა ექნება, მიიღოს მაღალი ხარისხის ინტერნეტი. პარალელურად, მსოფლიო ბანკთან ერთად ვაგრძელებთ ტექნიკურ პროექტირებას დანარჩენი საქართველოსთვის და ეს პროექტიც ძალიან მალე დაიწყება“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ოზურგეთის მოსახლეობა მაღალხარისხიანი ინტერნეტით მაქსიმუმ 2021 წლის თებერვლიდან ისარგებლებს.

„ვასრულებთ დაპირებას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მისცა მოსახლეობას - დავიწყეთ „ოუფენ ნეტის“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და საპილოტე მუნიციპალიტეტში სამუშაოები უკვე რამდენიმე დღეა, ძალიან მაღალი ტემპით მიმდინარეობს. საპილოტე რეგიონად გამოვყავით ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სადაც ზოგან არ არის ინტერნეტი, ზოგან კი ძალიან დაბალი ხარისხისაა. მაქსიმუმ თებერვალში უკვე გვექნება ე. წ. „განათებული ქსელი“, რაც იმას ნიშნავს რომ მაღალხარისხიანი ინტერნეტით უკვე ისარგებლებენ აქაური ოჯახები“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აშენებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ნებისმიერი ოპერატორისთვის თავისუფალი, შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული პირობებით ღია დაშვების მომსახურების მიწოდებას - ოპერატორებს მიეცემათ შესაძლებლობა განავითარონ საკუთარი ქსელები, ხოლო მომხმარებლებმა ისარგებლონ ხარისხიანი ინტერნეტით.

საპილოტე ქსელის პარალელურად, მსოფლიო ბანკმა, საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, შეიმუშავა პროექტი "Log in Georgia", რომელიც უზრუნველყოფს რეგიონებში ფართოზოლოვან ინტერნეტქსელებთან ხელმისაწვდომობას. მსოფლიო ბანკთან ერთად დაგეგმილია ინტერნეტიზაცია მთელი საქართველოს მასშტაბით - ეს იქნება 1000 -მდე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, მაღალმთიანი სოფლები.