მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პანკისში შმაგი მუთოშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართება

პანკისში მუთოშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ

პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში, დაკავებული შმაგი მუთოშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართება. ადგილობრივები დაკავებულისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს არ თანხმდებიან.

შმაგი მუთოშვილის დედის, თამარ მუთოშვილის ინფორმაციით, დანაშაული, რომლის ჩადენასაც მის შვილს ედავებიან, უსაფუძვლოა და პოლიციის მიერ არის ორგანიზებული.

მოკლული ვისო მუთოშვილის ძმა სამართალდამცავებმა დუისში, ვისო მუთოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებული პირის, მურად ქავთარაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის გამო, ორი დღის წინ, დააკავეს.

დაკავებულს ბრალი ოფიციალურად უკვე წარედგინა. გამოძიება მას ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო ტარებას ედავება. რაც, სასჯელის სახით, 9-დან 16 წლამდე ან უვადო პატიმრობას გულისხმობს.

მუთოშვილის ოჯახში ამბობენ, რომ დაპირისპირებულ გვარებს შორის შერიგების საკითხი, ამ დროისთვის არ განიხილება. მიუხედავად იმისა, რომ მათი ინფორმაციით, ქავთარაშვილებმა შერიგება და საქმის განხილვა შარიათის კანონის მიხედვით გუშინაც ითხოვეს.