მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რაჭაში სტიქიის შედეგად მოწყვეტილ სოფლებთან მიმოსვლა დაგეგმილზე ადრე აღდგა

სტიქია რაჭაში და გზა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია რაჭაში სტიქიის შედეგად დაზარალებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების გაეცნო.

პრემიერმა ადგილზე მიიღო ინფორმაცია განხორციელებული სამუშაოებისა და დარჩენილი პრობლემების მოგვარების გზების შესახებ. სტიქიის შედეგად მოწყვეტილ სოფლებთან მაღალი გამავლობის ავტომანქანებით მიმოსვლა უკვე აღდგენილია, მსუბუქი ავტომობილებით მოძრაობა კი რამდენიმე დღეში იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ საინფორმაციო საგენტო PIA.GE-ს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

giorgi-gakharia_o_h.jpeg

სოფელ ნაკიეთსა და ჟამიერეთში გიორგი გახარია ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი საჭიროებები პირადად მოისმინა. აღნიშნულ სოფლებში სტიქიის შედეგად დაზიანებული ჯამში 12 ოჯახი გასახლებას ექვემდებარება. მთავრობის მეთაურმა ონის მუნიციპალიტეტის მერს დაზარალებული ოჯახების განსახლების საკითხის უმოკლეს ვადაში მოგვარება დაავალა.

მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისა და მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, გიორგი გახარია რაჭაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის წევრებს შეხვდა და გაწეული ოპერატიული სამუშაოსთვის მათ მადლობა გადაუხადა.

„შტაბის მუშაობა საკმაოდ ეფექტური იყო თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვთქვით, რომ დაახლოებთ 1 თვე დაგვჭირდებოდა გზების აღსადგენად. დღეს, რაც ვნახე, ფაქტობრივად, მაღალი გამავლობის მანქანისთვის ყველა სოფელი მისაწვდომია, შესაბამისად, ვერტმფრენები აღარ დაგვჭირდება და სოფლებთან გადაადგილება შესაძლებელი იქნება მაღალი გამავლობის მანქანებით. მსუბუქი მანქანებისთვის ალბათ, კიდევ 3-4 დღე დაგვჭირდება“,-აღნიშნა პრემიერმა.

ინფორმაციისთვის, რაჭაში სტიქია მიმდინარე წლის 28 ივლისს მოხდა, რის შედეგადაც დაზიანდა ხიდები, დაზიანდა გზის სავალი ნაწილი და 12-მდე სოფელი გარემოს მოწყდა.