მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წყალტუბოს გენგეგმის კონცეფციის შემუშავებაზე კონკურსის პირველი ეტაპი დაიწყო

კურორტი წყალტუბოს რეაბილიტაცია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მიერ კურორტ წყალტუბოს განვითარებისათვის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავებაზე გამოცხადებული კონკურსის პირველი ეტაპი დაიწყო. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონკურსში, რომელიც სექტემბრის დასაწყისში გამოცხადდა, წინადადებები სამმა კომპანიამ წარადგინა. სამივე კომპანიას წარმოდგენილი აქვს კურორტის განვითარების ხედვის ვრცელი წინადადება და მათი შეთავაზების მიხედვით, საპროექტო ჯგუფებს სათანადო გამოცდილებისა და კვალიფიკაციის უცხოელი სპეციალისტები უხელმძღვანელებენ.

წინადადებების შერჩევა-შეფასების პროცესის დასრულების შემდეგ, გამარჯვებული კომპანია წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციას, ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის განმავლობაში, შეიმუშავებს.

გეგმის კონცეფციის შემუშავების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საპრივატიზაციო წინადადებებს მოამზადებს, ხოლო კონკურსში გამარჯვებული კომპანია გენგეგმის შემუშავებას გააგრძელებს.

„წყალტუბოს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავებისას აუცილებელია კომპლექსურად გაანალიზდეს კურორტის მდგრადი განვითარების საჭიროებები და მის საფუძველზე შეიქმნას ჯანსაღი, უსაფრთხო და მოხერხებული გარემოს პირობები, დაიგეგმოს კურორტის უნიკალური ფუნქციურ-გეგმარებითი სტრუქტურის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებები, რომლებმაც უნდა დაიცვას ქალაქი ქაოტური, უმართავი განაშენიანებისგან.

წყალტუბოს გენგეგმის შემუშავების მიზანია მისთვის კურორტის სტატუსის შენარჩუნება და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, მიმდებარე ტერიტორიის გეგმაზომიერი განვითარება“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, წყალტუბოს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის მოსამზადებელად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2019 წლის დეკემბერში გამოცხადებული კონკურსი შეწყდა, რადგან მასში მონაწილე ერთადერთმა პრეტენდენტმა კურორტის უნიკალური პოტენციალის შესაფერისი ხედვა ვერ წარმოადგინა.