მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ნოზაძემ ლაშა ბექაურს ტოკიოს ოლიმპიადაზე გამარჯვება პირადად მიულოცა

დავით ნოზაძემ ლაშა ბექაურს ტოკიოს ოლიმპიადაზე გამარჯვება პირადად მიულოცა

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული, ძიუდოისტი ლაშა ბექაური გუდამაყარს ესტუმრა. კოვიდრეგულაციების დაცვით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მოსახლეობასთან ერთად, სპორტსმენს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე შეხვდა და ჩემპიონობა პირადად მიულოცა. ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს

მხარის პირველმა პირმა წარმოშობით გუდამაყრელ ძიუდოისტს, რეგიონის სახელით, თავდაუზოგავი შრომისა და გამარჯვებისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ წარმატებები უსურვა.

„ლაშა ბექაურმა უდიდესი სიხარული აჩუქა ჩვენს ქვეყანას, მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობას, გუდამაყარს, საიდანაც მისი წინაპრები არიან. მინდა, ეს დიდი გამარჯვება კიდევ ერთხელ მივულოცო სრულიად საქართველოს, რაც მთავარია, ლაშას, მის ოჯახს, მწვრთნელებს, ექიმებსა და ყველა იმ პიროვნებას, ვინც ჩვენს ჩემპიონს გვერდში ედგა. ეს ადამიანი არის მაგალითი ახალგაზრდა მომუშავეებისთვის.

მსურს და მჯერა, რომ ლაშა ბექაური ყველა დასახულ მიზანს წარმატებით მიაღწევს და ჩვენს ქვეყანას კიდევ ბევრჯერ ასახელებს.

ასევე, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდოდა მასშტაბური ღონისძიების გამართვა, თუმცა პანდემიის გამო, თავი შევიკავეთ. ამიტომაც, ღონისძიება მაქსიმალურად მოკრძალებულად, კოვიდრეგულაციების დაცვით გაიმართა“ - აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ.

შეხვედრის დასასრულს გუდამაყრის რწმუნებულმა მალხაზ წიკლაურმა განაცხადა, რომ ამიერიდან ერთ-ერთი მწვერვალი ოქროს მედალოსანი ლაშა ბექაურის სახელობის იქნება. ასევე, სპორტსმენს საჩუქრად გადასცეს 500 კვ.მ. მიწა, ყაბარდოული ჯიშის კვიცი და ნაბადი.

თავის მხრივ, ლაშა ბექაურმა შეკრებილ საზოგადოებას გულშემატკივრობისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ დადო პირობა, რომ მათ არაერთხელ გაახარებს.

„მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო თბილი დახვედრისთვის, ასეთი დიდი სიყვარულისთვის. ძალიან გახარებული ვარ. იმიტომ, რომ გამარჯვებას, საერთოდ რაიმე თუ გამიკეთებია, პირველ რიგში, ჩემს ხალხთან ყოფნისას ვგრძნობ.

უზომოდ მაბედნიერებს ის, რომ ასეთი მთების, ასეთი კუთხის შვილი ვარ. ეს ჩემთვის დიდი მოტივაციაა.

მე რა სიტყვაც მაქვს ნათქვამი - 4 ოლიმპიადა - ის უნდა შევასრულო და ჩემი ხალხი კიდევ მრავალჯერ გავახარო“ - განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა.

ცნობისათვის, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა, გუდამაყრის რწმუნებულმა მალხაზ წიკლაურმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა თამაზ ბექაურმა და დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების დირექტორმა ლევან შერმადინმა ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურს და მის მწვრთნელ ლექსო ღვინიაშვილს გოდერძი ჩოხელის მუზეუმში უმასპინძლეს.

შეგახსენებთ, რომ 90 კილოგრამამდე წონაში ძიუდოისტი ლაშა ბექაური 28 ივლისს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული გახდა. ფინალში მან გერმანელი, 24 წლის ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა და საქართველოს სახელით პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.