მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა „მწვანეყვავილას“ დასახლებაში გზა გადაკეტეს

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა  „მწვანეყვავილას“ დასახლებაში გზა გადაკეტეს

რიონის მცველებმა ახალ ადგილზე „მწვანეყვავილას“ დასახლებაში გადაინაცვლეს, სადაც კარვებს დგამენ და გზას კეტავენ.

„კომპანიამ ამასობაში ეს ალტერნატიული გზა გამოძებნა და „პიკაპებით“ ხდებოდა ხეობაში გადაადგილება. ეს არის „მწვანეყვავილას“ გზა და აქაც გადავკეტეთ ახლა. აქ მცხოვრებლებმა გამოთქვეს სურვილი, რომ გზის ამ ნაწილის დაკეტვაში თავად მიიღებდნენ მონაწილეობას, სოლიდარობა გამოგვიცხადეს.

ლეგიტიმაცია რომ მივცეთ ამ ადგილს, როგორც ჩვენს ერთ-ერთ ადგილზე, მოვედით და ვდგამთ კარავს. გამოირიცხა შესაძლებლობა, რომ რომელიმე გზიდან შევიდეს კომპანია ხეობაში.

ამ ადგილიდან სპეცტექნიკა ისედაც ვერ შევა, ფიზიკურად ვერ გაეტევა, ვიწრო გზა არის, მაგრამ დადიოდნენ პატარა სატრანსპორტო საშუალებებით, მუშახელი შეჰყავდათ ალბათ და გავაკონტროლებთ ამ გზასაც. ჩვენი პროტესტის ძირითადი ადგილი კი სოფელი გუმათი და „ენკას“ ბაზა რჩება“, - განაცხადა გოლეთიანმა.

ინფორმაციისთვის, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. 24-26 მაისს რიონის ხეობის მცველებმა მხარდამჭერებთან ერთად აქციები თბილისში გამართეს.

26 მაისს, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხეობაში დაბრუნდნენ და საპროტესტო აქციები ადგილზე გააგრძელეს. მათი თქმით, ისინი კომპანია „ენკას“ მაქსიმალურად შეზღუდავენ და გუმათში სამშენებლო სამუშაოების ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.

ხეობის მცველები ამ დროისთვის კომპანია „ენკას“ საწყობის შესასვლელთან იმყოფებიან და ადგილზე მოძრაობას აკონტროლებენ. კომპანიის თანამშრომლებს გადაადგილება სპეცრაზმის დახმარებით უწევთ.

ცოტა ხნის წინ „ენკას“ ორი თანამშრომლის მიერ ბაზის დატოვებას ხმაური მოჰყვა პროტესტის მონაწილეების მხრიდან. საბოლოოდ, კომპანიის წარმომადგენლებმა ტერიტორია საპოლიციო ძალების ჩარევის შემდეგ დატოვეს.

როგორც პროტესტის ერთ-ერთმა აქტიურმა მონაწილემ ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, კომპანიის თანამშრომლებისა და სპეცტექნიკის გადაადგილებას ადგილობრივები დღესაც ხელს შეუშლიან.

რიონის ხეობის მცველები საღამოს რკინის ბარიკადებთან მისვლას და საკუთარი მოთხოვნების კიდევ ერთხელ დაფიქსირებას გეგმავენ.

როგორც ისინი აცხადებენ, პროტესტი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ შეწყდება.