მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის წევრებმა კახეთში სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით შექმნილი აგრარული მიმართულებების საწარმოები დაათვალიერეს

გარემო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა და უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის წევრებმა, კახეთის რეგიონში, სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით შექმნილი აგრარული მიმართულებების საწარმოები დაათვალიერეს.

დელეგაციას უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილე საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, დავიდ ბენჩიკი ხელმძღვანელობს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, საქართველოსა და უნგრეთს შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის უნგრელი სტუმრების ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია.

„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის პერსპექტივების და კერძო სექტორის წარმომადგენლების სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები, რომლებიც დელეგაციის წევრებთან ერთად განვიხილეთ”, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

„ჩვენ ვართ საქართველოში იმისათვის, რომ ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობა გავაღრმავოთ. ვიზიტის ფარგლებში, დავათვალიერეთ საწარმოები, რომელიც სახელმწიფო პროგრამებით არის დაფინანსებული. გავიზიარეთ ის გამოცდილება, რაც საქართველოს აქვს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მიმართულებით. ვეწვიეთ კომპანიას „Agri Management Group of Georgia“, რათა გვენახა, თუ როგორ ხდება თხილის წარმოება თქვენთან და როგორ შეიძლება ამ წარმოების ინტეგრირება ევროკავშირის მიერ თხილის წარმოების პროცესში. მე ვფიქრობ, ეს არის პირველი ნაბიჯები და კიდევ ბევრი წინ არის”, - განაცხადა უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, დავიდ ბენჩიკმა.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები იმყოფებოდნენ და სამუშაო პროცესს გაეცნენ მესაქონლეობის ფერმაში „თეთრი ფერმა“ და კომპანიაში „შპს ბადაგი+“, რომელიც ჩურჩხელას აწარმოებს.