მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვარლამ გოლეთიანი: მთელი საქართველო ხედავს ახლა რა უსამართლო პროცესი მიმდინარეობს რიონის ხეობაში

რიონის ხეობის მცველი

„ჩვენ ვცდილობთ, ხელისუფლება მოვიყვანოთ გონს, რომ ადეკვატურად იმოქმედოს. ნუ შეიყვანს ჩიხში იმ ვითარებას, რაც აქ არის“, - ამის შესახებ რიონის ხეობის დამცველმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

„რას ნიშნავს ის, რომ ხეობაში შესასვლელი არის რკინის ბარიკადით გაყოფილი და არ გვეძლევა სახლებში წასვლის უფლება. რას ვაზიანებთ იმით, რომ ამ ბარიკადის მეორე მხარეს გადავიდეთ.

განმარტოს პოლიციამ, შსს-მ, რას ვაზიანებთ იმით, რომ გადავდივართ ბარიკადის მეორე მხარეს. გვაჩვენონ ოფიციალური დებულება, ბრძანება, გვაინტერესებს, რა უწერიათ, რას ეხმაურება ეს ბარიკადი, რომელიც დგას უკვე არაერთი კვირა

მთელი საქართველო ხედავს ახლა რა უსამართლო პროცესი მიმდინარეობს რიონის ხეობაში ამ ბარიკადების სახით. ჩვენი სახლებისკენ მიმავალი გზაა, ამიტომ, გზის გადაკეტვის უფლება არავის აქვს, ეს არის ჩვენი კონსტიტუციური უფლების დარღვევა.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, იყოს ადეკვატური. ჩვენი მოთხოვნებით პირველ რიგში, ბარიკადის აღებას ვგულისხმობ, არ შეიძლება ის, რაც დღეს ხდება.

ჯებირი უკანონოდ არის აღმართული. არავის ეგონოს, რომ ვინმე კანონს არღვევს, თუნდაც იმის მცდელობით, რომ ხელს ურტყამს და აჯანჯღარებს ბარიკადს.

ბარიკადი უკანონოდ დევს, ამიტომ უნდა აიღონ. ჩვენ ვცდილობთ, ხელისუფლება მოვიყვანოთ გონს, რომ ადეკვატურად იმოქმედოს. ნუ შეიყვანს ჩიხში იმ ვითარებას, რაც აქ არის“,- განაცხადა გოლეთიანმა.

ინფორმაციისთვის, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. 24-26 მაისს რიონის ხეობის მცველებმა მხარდამჭერებთან ერთად აქციები თბილისში გამართეს.

26 მაისს, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხეობაში დაბრუნდნენ და საპროტესტო აქციები ადგილზე გააგრძელეს. მათი თქმით, ისინი კომპანია „ენკას“ მაქსიმალურად შეზღუდავენ და გუმათში სამშენებლო სამუშაოების ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.

ხეობის მცველები ამ დროისთვის კომპანია „ენკას“ საწყობის შესასვლელთან იმყოფებიან და ადგილზე მოძრაობას აკონტროლებენ. კომპანიის თანამშრომლებს გადაადგილება სპეცრაზმის დახმარებით უწევთ.

ცოტა ხნის წინ „ენკას“ ორი თანამშრომლის მიერ ბაზის დატოვებას ხმაური მოჰყვა პროტესტის მონაწილეების მხრიდან. საბოლოოდ, კომპანიის წარმომადგენლებმა ტერიტორია საპოლიციო ძალების ჩარევის შემდეგ დატოვეს.

როგორც პროტესტის ერთ-ერთმა აქტიურმა მონაწილემ ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, კომპანიის თანამშრომლებისა და სპეცტექნიკის გადაადგილებას ადგილობრივები დღესაც ხელს შეუშლიან.

რიონის ხეობის მცველები საღამოს რკინის ბარიკადებთან მისვლას და საკუთარი მოთხოვნების კიდევ ერთხელ დაფიქსირებას გეგმავენ.

როგორც ისინი აცხადებენ, პროტესტი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ შეწყდება.

შეგახსენებთ, გუმათში, დღეს 30 მაისს „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.