მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამართალი

დროშა
1710830714
ყალბი დოკუმენტების დამზადების და გასაღების გზით, დაახლოებით, 141 000 ევრო და 36 000 აშშ დოლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს - პროკურატურამ ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გასაღების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა.პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022-2024 წლებში, ბრალდებულები დანაშაულში ჩართულ სხვა პირებთან ერთად, ევროპული სახელმწიფოების ყალბ ოფიციალურ დოკუმენტებს ამზადებდნენ და საქართველოში, მოქალაქეებზე ასაღებდნენ. ათეულობით ყალბი დოკუმენტის, ავტომობილის მართვის მოწმობის, ბინადრობის და მუშაობის უფლების დამადასტურებელი მოწმობის დამზადების და გასაღების გზით, დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე პირებმა დაახლოებით 141 000 ევრო და 36 000 აშშ დოლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს. მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზების მიზნით, ბრალდებულებმა ქალაქ თბილისში უძრავი ქონება, კერძოდ, საცხოვრებელი ბინა შეიძინეს და სხვა პირის სახელზე დაარეგისტრირეს.დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გასაღება) და 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-იდან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით.

ოქროს კონტრაბანდა
1710829577
საგამოძიებო სამსახურმა ოქროს კონტრაბანდის ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლენილია საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ორი ფაქტი, დაკავებულია ორი პირი.გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ბრალდებულმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის სალონში მოწყობილი სამალავით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 706 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები. ხოლო, მეორე შემთხვევაში ბრალდებულის მიერ, ასევე ავტომანქანაში მოწყობილი სამალავით, შემოტანილ იქნა არადეკლარირებული 507 გრამი ოქროს ნაკეთობები. ამოღებული ძვირფასეულობის ჯამური ღირებულება აღემატება 130 000 ლარს.საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-იდან 7 წლამდე ვადით.

ავარია
1710777774
ავარია კახეთში - გავრცელებული ცნობით, დაიღუპა 1 ადამიანი

კახეთში, შირაქის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ცნობით, ავარიას 45 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი მოცურდა და ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა. ქალი ადგილზევე დაიღუპა.შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია. 

პოლიცია
1710749034
ბათუმში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ბათუმში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ორივე შემთხვევა ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მოხდა. შსს-ის ინფორმაციით, დაღუპულია ქალი და შუახნის მამაკაცი. გარდაცვლილი ქალის შემთხვევაში გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

დაკავება
1710748323
„დაახლოებით 340 000 000 დოლარის კაპიტალიზაცია მოახდინეს და თანხის ნაწილს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ“ - უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მსჯავრდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებთან ერთად, შექმნა საერთაშორისო საინვესტიციო თაღლითობაზე დაფუძნებული პლატფორმა „FORSAGE“, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ე.წ. პირამიდის პრინციპით მოქმედებდა და ნაცვლად რეალური საინვესტიციო პროდუქტის შეთავაზებისა, დაზარალებულებს ყალბი დაპირებების გზით, ფულადი ინვესტიციების სანაცვლოდ სხვადასხვა ოდენობით სარგებელს ჰპირდებოდნენ.2020 – 2022 წლებში, მასშტაბური თაღლითური სქემის მეშვეობით, რომელსაც სტრუქტურულად მოქმედი მაღალპროფესიონალი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი მართავდა, დამფუძნებლებმა პლატფორმაზე დაახლოებით 340 000 000 აშშ დოლარის კაპიტალიზაცია მოახდინეს, რის შემდგომაც თაღლითურ პირამიდულ სქემაში მაღალ პოზიციებზე მყოფი პირები თანხის მნიშვნელოვან ნაწილს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და პლატფორმა გააუქმეს.მოცემულ ფაქტზე, დანაშაულში მონაწილე რამდენიმე პირს ბრალდება ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოების მიერ კომპიუტერული თაღლითობისთვის წარედგინათ.თანხების მოტყუებით დაუფლების შემდგომ, დანაშაულის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი თანხების წარმომავლობის დაფარვისა და მათთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ეტაპობრივად საქართველოში შემოიტანა დაახლოებით 3 500 000 ლარის ეკვივალენტი თანხა და დანაწევრებით განათავსა პირად და მასთან დაკავშირებული ფიზიკური პირების საბანკო ანგარიშებზე, რითაც მათთვის კანონიერი სახის მიცემა მოახდინა.შემდგომში, მსჯავრდებულმა განახორციელა ხსენებული თანხის ნაწილის ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში გაშვება, მათ შორის შეიძინა ძვირად ღირებული უძრავ-მოძრავი ქონება.სასამართლომ უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით მსჯავრდებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა უკანონო და დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხებით შეძენილი დაახლოებით 1 100 000 აშშ დოლარად ღირებული უძრავ-მოძრავი ქონება: კერძოდ, თბილისში, ვაკის რაიონში მდებარე ორი ძვირად ღირებული საცხოვრებელი ბინა, ხუთი ავტოფარეხი და „LEXUS“-ის მარკის ავტომანქანა“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.  

პოლიცია
1710580034
გორში ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა

გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.არსებული ცნობით, ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. კაცი მიღებული ტრავმის გამო უგონო მდგომარეობაში იმყოფება.დაშავებულია შუახნის კაცი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. კაცს შესაბამისი გადაუდებელი დახმარება უტარდება. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

პოლიცია
1710576173
ხონში ყოფილმა სიძემ სიდედრი დაჭრა

გავრცელებული ცნობით, ხონში, დევნილთა დასახლებაში ყოფილმა სიძემ სიდედრი დაჭრა.ამავე ინფორმაციით, კაცი ყოფილი ცოლის ოჯახში სანადირო თოფით გვიან ღამით მივიდა და სროლა დაიწყო.ამავე ცნობით, დაჭრილია 50 წლამდე ქალი, ის კლინიკაში გადაიყვანეს. ქალს დაზიანებები ზურგის არეში აქვს მიყენებული. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.

ყალბი 9 600 აშშ დოლარი
1710504078
უკანონოდ გაასაღეს ყალბი 9 600 აშშ დოლარი - დაკავებულია ეგვიპტისა და ერაყის მოქალაქეები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შენახვისა და გასაღების ფაქტზე ეგვიპტისა და ერაყის 2 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას სუსი ავრცელებს. უწყების ცნობით, შესაძლოა, გაფართოვდეს დამნაშავე პირთა წრე.„გამოძიებით დგინდება, რომ საქართველოში დროებით მცხოვრებმა ეგვიპტისა და ერაყის მოქალაქეებმა 2024 წლის 14 მარტს უკანონოდ გაასაღეს ყალბი 9 600 აშშ დოლარი, რა დროსაც მოხდა ბრალდებულის სახით მათი დაკავება.გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-იდან 10 წლამდე ვადით.გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს. გამოძიების მიმდინარეობისას შესაძლოა გაფართოვდეს დამნაშავე პირთა წრე“, - აცხადებენ უწყებაში. 

არადეკლარირებული ფული
1710407574
მებაჟე ოფიცრებმა 524 320,63 ლარის ოდენობის არადეკლარირებული თანხის მალულად შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღკვეთეს.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავებში, ჯამში, 18 000 850 რუსული რუბლი გამოავლინეს. არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 524 320,63 ლარი შეადგინა.საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, თანხის სრულად ჩამორთმევა განესაზღვრათ.

ნარკოტიკები
1710401914
🎥 თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავეს, მათგან 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თბილისის, იმერეთისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი დააკავეს, მათ შორის 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 2002 წელს დაბადებული მ.ს., 1994 წელს დაბადებული ა.ბ., 2001 წელს დაბადებული პ.ი., 2000 წელს დაბადებული ჰ.ბ., 1992 წელს დაბადებული ა.ი. 1991 წელს დაბადებული ი.დ., 2000 წელს დაბადებული გ.ა. და წარსულში ნასამართლევები: 1988 წელს დაბადებული ზ.ღ., 1984 წელს დაბადებული მ.თ. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებულ უცხო ქვეყნის მოქალაქე მ.ს.-ს სხეულით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 300 გრ. „ჰეროინი“ შემოჰქონდა, ხოლო, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბრალდებულების - ი.დ.-ს, ზ.ღ.-ს და მ.თ.-ს პირადი, საცხოვრებელი ბინების და ფერმის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ნარკოტიკული საშუალება „მდმა“, „ექსტაზი“, „მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ ამოიღეს.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეების პ.ი.-ს და ჰ.ბ-ს პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“, „მარიხუანა“ და „პსილოცინი“ ამოიღეს.იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის ა.ბ.-ს პირადი და დროებითი საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად, ლოკაციებზე სარეალიზაციოდ განსათავსებლად გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები „კოკაინი“, „მდმა“, „მეთადონი“, „ამფეტამინი“ და „ლსდ“ ამოიღეს, ხოლო, ბრალდებული გ.ა.-ს ჩხრეკისას, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნივთმტკიცებად ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ამოიღეს, რომელიც მან ინტერნეტაპლიკაციის საშუალებით შემდგომი რეალიზაციის მიზნით შეიძინა და სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსა.აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში, ა.ი.- ს დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად „მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული აღნიშნული მცენარის კულტივირებას თავის დროებით საცხოვრებელ სახლში მოწყობილ სპეციალურ სათბურში ახდენდა.დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 262-ე, 265-ე, 19-260-ე, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, - აცხადებენ უწყებაში.ინფორმაციისთვის, დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიცია
1710347937
ჭიათურის მუნიციპალიტეტში კაცი ხევში გადაიჩეხა და დაიღუპა

ჭიათურის მუნიციპალიტეტში მამაკაცი ხევში გადაიჩეხა და დაიღუპა. შემთხვევა სოფელ ნიგოზეთში მოხდა.კაცს ოჯახი და მაშველები გუშინდელი დღიდან ეძებდნენ.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ცხედარი ცოტა ხნის წინ ამოასვენეს და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

სასამართლო
1710339659
ნაფიცმა მსაჯულებმა როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე „კუდის“ აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე და სპეცრაზმელი დამნაშავედ ცნეს

ნაფიცმა მსაჯულებმა სამხედრო მოსამსახურის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის განზრახ უკანონო დაკავებისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის ჯგუფური მკვლელობის, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე და სპეცრაზმელი დამნაშავედ ცნეს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, ნაფიცმა მსაჯულებმა ყველა მტკიცებულების და საქმის გარემოებების დეტალურად შესწავლის შემდეგ ბრალდებულები წარდგენილ ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს, სასამართლომ კი, მათ სასჯელის სახით 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. დანიშნული სასჯელი ამნისტიის შესახებ კანონით შემცირდა და საბოლოოდ ბრალდებულებს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.„საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის 15 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსმა ბათუმში მცხოვრები როინ შავაძის ოპერატიულად შესწავლის დავალება მიიღო, რადგან თითქოს არსებობდა ინფორმაცია, რომ იგი უცხო ქვეყნის „სპეცსამსახურებთან“ თანამშრომლობდა.მეორე დღესვე, 16 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსი, ორ თანამშრომელთან ერთად თავდაცვის სამინისტროს მეხუთე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მივიდა, სადაც როინ შავაძე მსახურობდა და ბრიგადის მეთაურს შორიდან მისი ვიზუალურად ჩვენება მოსთხოვა. მთავარი სამმართველოს უფროსმა როინ შავაძის დანახვისთანავე, რამდენჯერმე შეიგინა მისი მისამართით და დაიმუქრა, რომ სამაგალითოდ დასჯიდა.იმავე დღეს „კუდ“-ის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები, მთავარი სამმართველოს უფროსის და მისი მოადგილის ხელმძღვანელობით, ქალაქ ბათუმში, გამსახურდიასა და მელაშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ.როინ შავაძემ ძალადობის შედეგად სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო, მათ შორის მარცხენა მხარის და ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ასევე არაერთი დაზიანება ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით.სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა თავდასხმის შედეგად გონებადაკარგული როინ შავაძე ერთ-ერთი ავტომობილის უკანა სავარძელზე მოათავსეს და შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს.ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ, სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა მთავარი სამმართველოს უფროსის და მისი მოადგილის ხელმძღვანელობით, როინ შავაძე მკვლელობის მიზნით ქობულეთი-ქაქუთის საავტომობილო გზის მიმართულებით წაიყვანეს.აჭარისა და გურიის საზღვართან აღნიშნულმა პირებმა გააჩერეს ავტომანქანები და უმწეო მდგომარეობაში მყოფი როინ შავაძე ავტომანქანიდან გადაიყვანეს, დააყენეს სავალი გზის გადასწვრივ, ქარსაცავი ხეების ზოლის მიმდებარედ და კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლებით მოახდინეს მისი ლიკვიდაცია.სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილს სხეულზე დაახლოებით 40 ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.როინ შავაძის უკანონო დაკავებისა და მკვლელობის ფაქტის შესანიღბად, კუდის თანამშრომლებმა შეიმუშავეს ყალბი ვერსია, კერძოდ: უკანონო დაკავების ფორმალურ-სამართლებრივი საფუძვლის შესაქმნელად, როინ შავაძის მკვლელობის შემდგომ, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში შედგა ყალბი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, სადაც მიეთითა, რომ თითქოსდა როინ შავაძეს დაკავებისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და რეალურად ნარკოტიკული საშუალება დაკავების ადგილზე თავად დაკავების ორგანიზებაში მონაწილე პირებმა მიიტანეს. ამავე ვერსიის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულისთვის დაკავებულის ეტაპირება უნდა მომხდარიყო თბილისში. მგზავრობის პროცესში, როინ შავაძემ თითქოს ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით მოითხოვა მანქანის გაჩერება, რის შემდგომაც მოახერხა სპეცდანიშნულების რაზმის წევრისთვის იარაღის წართმევა, გასროლა მათი მიმართულებით და გაქცევა, რის საფუძველზეც მას საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.ყალბი ვერსიის გასამყარებლად სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა შემთხვევის ადგილზე შექმნეს ისეთი ვითარება, რომ როინ შავაძეს განზრახ მკვლელობა, აუცილებელი მოგერიების პირობებში დამნაშავე პირის მართლზომიერ ლიკვიდაციას დამსგავსებოდა. კერძოდ ,,მაკაროვის“ ტიპის პისტოლეტიდან რამდენჯერმე გაისროლეს მათივე ავტომანქანის მიმართულებით, მოგვიანებით კი აღნიშნული პისტოლეტი როინ შავაძის ცხედართან ახლოს მოათავსეს. ამის შემდგომ, სპეცრაზმელებმა შემუშავებული ყალბი ვერსიის გასამყარებლად, გამოძიებას მისცეს ცრუ ჩვენებები.ჩატარებული გამოძიებით, უტყუარად გაბათილდა ყალბი ვერსია, თითქოს როინ შავაძის ლიკვიდაცია მისი გაქცევის აღსაკვეთად განხორციელდა. ამასთანავე, დადგინდა, რომ როინ შავაძის სხვა ქვეყნის „სპეცსამსახურებთან“ შესაძლო თანამშრომლობაზე არც იმჟამად და არც შემდგომ პერიოდში გამოძიებაც კი არ დაწყებულა და როინ შავაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ ნარკოდანაშაულისთვის 260-ე მუხლით დაიწყეს. აღნიშნული ეჭვი არც მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადასტურდა.აღსანიშნავია, რომ როინ შავაძე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ბრიგადის სერჟანტის წოდებით. 2005-2006 წლებში მას მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ერაყის სამშვიდობო მისიაში კოალიციური ჯარების შემადგენლობაში, რა დროსაც სამაგალითო სამსახურისათვის დაჯილდოვდა მედლით. გარდა ამისა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ბრძანებით, 2007 წელს როინ შავაძეს სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის გამოეცხადა მადლობა. როინ შავაძეს ასევე მონაწილეობა ჰქონდა მიღებული 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე წარადგინა დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობაც ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებდა. ნაფიცმა მსაჯულებმა ყველა მტკიცებულების და საქმის გარემოებების დეტალურად შესწავლის შემდეგ ბრალდებულები წარდგენილ ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს, სასამართლომ კი, მათ სასჯელის სახით 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. დანიშნული სასჯელი ამნისტიის შესახებ კანონით შემცირდა და საბოლოოდ ბრალდებულებს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.საზოგადოებას შევახსენებთ რომ აღნიშნულ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა ჯამში 12 პირის მიმართ დაიწყო. მოცემულ ეტაპზე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის და მხილების მიზნით“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. 

••• იტვირთება