მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

5 ივლისის აქციაზე ჟურნალისტებზე ძალადობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა

ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე კიდევ ერთი პირი - 1997 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ. გ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.გ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, რევაზ თაბუკაშვილისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე, „ტვ პირველის“ ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

სამართალდამცველებმა, 14 ივლისს, 1988 წელს დაბადებული ვ.ბ. დააკავეს, რომელმაც „ტვ პირველის“ ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 5-6 ივლისს თბილისში რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციას მართავდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსა და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ექსპერტიზის შუალედური დასკვნით, შესაძლებელია ითქვას, რომ ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებით დაიღუპა.