მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქვემო ქართლში „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

ბორკოლების დადება

ქვემო ქართლში პოლიციამ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ორი პირი დააკავა. 1968 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ხ.პ.-სა და 1972 წელს დაბადებულ ე.ა.-ს „ქურდული სამყაროს“ წევრობა და გამოძალვა ედებათ ბრალად. 

„საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ხ.პ. და ე.ა. „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ. ბრალდებული ხ.პ. სხვადასხვა პირის დაშინების გზით ცდილობდა პირადი და „ქურდული სამყაროსათვის“ მატერიალური სარგებლის მიღებას.

იგი საზღვარგარეთ მცხოვრები ერთ-ერთი კრიმინალური ავტორიტეტის დავალებით, თავისი ნდობით აღჭურვილი პირის, მეორე ბრალდებულის - ე.ა.-ს შუამავლობით, სისტემატურად უკავშირდებოდა თანასოფლელს და ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის, ასევე, ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, „ქურდული სამყაროს“ სასარგებლოდ თანხას სძალავდა. პოლიციამ ორივე ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავა.

„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და გამოძალვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლით და 181-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, დანაშაულები 4-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.