მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეში შესაძლოა, საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთონ

ლექსო ლაშქარავას ოჯახის ადვოკატი

ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზის დასადგენად, საქმეში შესაძლოა, საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთონ. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს ოჯახის ადვოკატმა ბექა თაკალაძემ განუცხადა.

მისი თქმით, გაუგებარია ე.წ. შუალედური დასკვნა, რომლის მიხედვითაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესაძლო მიზეზად ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირება დაასახელა.

„დაიდო ე.წ. შუალედური დასკვნა, რომელიც გაუგებარია ჩემთვის. რომც დავუშვათ, რომ მის ორგანიზმში იყო ნარკოტიკული საშუალებები, ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს რამდენად აქვს ამას მის გარდაცვალებასთან უშუალო კავშირი. ასე ცალსახად, ბუნებრივია, ეს ინფორმაცია ვერ გახდება საბოლოო დასკვნის გაკეთების საფუძველი.

საბოლოო დასკვნა არ დადებულა და არც ვიცით, როდის დაიდება. ოჯახთან მექნება კომუნიკაცია საერთაშორისო ექსპერტების ჩართვასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ბექა თაკალაძემ.

როგორც მან განმარტა, უახლოეს დღეებში პროკურატურას საქმის მასალების გადაცემის მოთხოვნით მიმართავს.

„გუშინ ჩამბარდა დადგენილება ქალბატონი თინათინის უფლებამონაცვლეობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, უახლოეს დღეებში მივმართავ პროკურატურას საქმის მასალების ასლების გადმოცემის შესახებ განცხადებით“, - აღნიშნა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ 5-6 ივლისს თბილისში რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციას მართავდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსა და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. ის საავადმყოფოდან 10 ივლისს გაწერეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ექსპერტიზის შუალედური დასკვნით, შესაძლებელია ითქვას, რომ ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებით დაიღუპა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „მსიამოვნებს, რომ მივაღწიე საწადელს, გაგარტყით შუბლზე სინდისზე მოძალადეებო“ - მეუფე ანტონი მედიას (ვიდეო)

👉 „ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება დიდი დარღვევა იყო“ - მიხეილ რამიშვილი გარდაცვლილი ოპერატორის საქმეზე

👉 რატომ გააკეთა მამა შალვა კეკელიამ 5 ივლისის აქციაზე განცხადება ჟურნალისტებზე ძალადობის პრევენციისთვის