მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ წამების ფაქტზე თბილისში ორი პირი დააკავეს

მაღალჩინოსნის დაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ წამების ფაქტზე, არასრულწლოვნის მამინაცვალი - 1993 წელს დაბადებული ა.ს. და დედა - 1993 წელს დაბადებული მ.დ. თბილისში დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მ.დ. და მისი მეუღლე - ა.ს. არასრულწლოვანს - 2014 წელს დაბადებულ ვ.დ.-ს დასჯის მიზნით აწამებდნენ, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ა.ს. და მ.დ. ბრალდებულების სახით, თბილისში დააკავეს. გამოძიების ფარგლებში დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

არასრულწლოვანი, თავის მცირეწლოვან ძმასთან ერთად, სოციალური მუშაკის მიერ გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ წამების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-144 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

ინფორმაციისთვის, დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.