მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პროკურატურამ არასრულწლოვნის ჯგუფურად წამების ფაქტზე, ბავშვის დედას და მის მეუღლეს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნის წამების ფაქტზე, ბავშვის დედას მ.დ.-ს და მის მეუღლეს ა.ს.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, მ.დ. და მისი მეუღლე ა.ს. ერთი წლის განმავლობაში, არასრულწლოვან და უმწეო მდგომარეობაში მყოფ მ.დ.-ს შვილს სისტემატურად ეპყრობოდნენ დამამცირებლად და დასჯის მიზნით, 6 წლის ბავშვზე ხანგრძლივად ახორციელებდნენ ფიზიკურ ძალადობას - სცემდნენ, ხელ-ფეხს უკრავდნენ, რამდენიმე დღის განმავლობაში არ აძლევდნენ საკვებს და საწოლიდან ადგომას უკრძალავდნენ. ასევე ხელის არეში მიაყენეს დამწვრობა. ბრალდებულების ქმედებებმა დაზარალებული არასრულწლოვნის ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია.

„სამართალდამცავებმა მ.დ. და ა.ს. 18 ივნისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრის მიმართ წამება, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარემ ორივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.