მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სასამართლომ ხელვაჩაურში ტაქსის გატაცებისთვის ბრალდებულ პირებს 9 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

პროკურატურა

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებული ორი პირი დამნაშავედ ცნო. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 25 იანვარს, ქურდობისთვის ნასამართლევი პირები დანის დემონსტრირებით და სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით თავს დაესხნენ ტაქსის მძღოლს და ავტომობილი გასტაცეს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2021 წლის 26 და 28 იანვარს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, არაერთგზის და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.