მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შსს: ძალადობა გამოვლინდა 55 პირის მიმართ, დაკავებულია 8 ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს პოლიციის მიერ გამოვლენილი კანონდარღვევის ფაქტებისა და მათზე მომხდარი რეაგირების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის დაკავებულია 8 პირი.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მიმდინარე წლის 5 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოვლენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების და მათზე პოლიციის მხრიდან განხორციელებული რეაგირების შესახებ. გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 8 პირი.

ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით 55 პირის მიმართ გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, მათ შორის 53 არის სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელი.

საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები გრძელდება გამოვლენილ შემდეგ კანონდარღვევის ფაქტებზე: რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელდა ძალადობრივ ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს.

თბილისში მოძრაობა „სირცხვილიას“ და „თბილისი პრაიდის“ ოფისზე განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ფაქტებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით გრძელდება გამოძიება.

ახვლედიანის ქუჩა №17-ში მდებარე „თბილისი პრაიდის“ ოფისთან განვითარებულ მოვლენებზე სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე გამოძიება, ასევე, სსკ-ის 187-ე მუხლით გრძელდება.

ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის შენობასთან დაფიქსირებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე, სადაც სავარაუდოდ პიროტექნიკის აფეთქებით დაზიანება მიიღო ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოძიება სსკ-ის 187-ე და 126-ე მუხლებით გრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გმობს სიძულვილით მოტივირებულ ქმედებებს, მათ შორის მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ გამოხატულ ძალადობას.

ყველა ჩამოთვლილ ფაქტზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ძალადობრივ ქმედებებში და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი მასალების შესწავლა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, 5 ივლისს „რუსთაველის“ გამზირზე სიტუაცია დაიძაბა. პარლამენტის შენობასთან „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაშლილი კარვები დაარბიეს, ხოლო შემდეგ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

აგრეთვე, „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის წარმომადგენლებმა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისი დაარბიეს.

მოგვიანებით, „თბილისი პრაიდმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ღირსების მარში“ 5 ივლისს არ შედგება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტი, რომელსაც თავს დაესხნენ, კლინიკაშია მოთავსებული (ვიდეო)

👉 „დღეს ჟურნალისტები იყვნენ უფლებადამცველები“ - ნინო ლომჯარია

👉 „ხელისუფლების მხრიდან ეს არის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა და ვენდეტა ჟურნალისტებზე“- ლევან ხაბეიშვილი