მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ტელეკომპანია „ტვ1“-ის ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

დაინიშნა შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, გარდაცვლილის ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში. ოჯახის წევრებს გამოძიების მიერ შეეთავაზათ, რომ სასამართლო-სამედიცინო
ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღოს მათთვის სასურველმა დამოუკიდებელმა და საერთაშორისო ექსპერტმა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია
„სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 4 პირი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, 11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიდან ერთ-ერთი იყო, რომელსაც 5 ივლისს რადიკალური დაჯგუფებები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის საავადმყოფოდან 10 ივლისს გაწერეს.

ლექსო ლაშქარავა 38 წლის იყო. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

ამავე თემაზე:

✔️ „არ ვატანდით ცხედარს, ზედ გადავეფარე და მაინც წაიყვანეს“ - გარდაცვლილი ოპერატორის დედა

✔️ TV პირველის ოპერატორი გარდაიცვალა