მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მტკიცე სული 2021“-ში მონაწილე ამერიკელი სამხედროები საქართველოში ჩამოვიდნენ

ამერიკელი სამხედროები საქართველოში ჩამოვიდნენ

ფოთის პორტში მრავალეროვნული სწავლების „მტკიცე სული 2021“ მონაწილე ამერიკული ტექნიკის მიღების შემდეგ, ვერტმფრენები და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები, საჰაერო გზით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოვიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამავე ცნობით, შავი ქორის ტიპის ვერტმფრენები HH-60 Agile Spirit 2021-ში მონაწილეობის მისაღებად გერმანიიდან, რამშტაინის სამხედრო აეროდრომიდან ჩამოიყვანეს. ვერტმფრენები სწავლების აღსრულების პერიოდში სამედიცინო ევაკუაციის კომპონენტში იქნება ჩართული.

ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის 1-91-ე საკავალერიო პოლკის პირადი შემადგენლობა კი, გერმანიის ქალაქ ნიურნბერგიდან „ბოინგ 777“-ის ტიპის თვითმფრინავით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამთენიისას ჩამოფრინდა.

თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-4 ლოგისტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის გადაადგილების ეროვნულმა საკოორდინაციო ცენტრმა მათი აეროპორტში მიღება და სწავლების რაიონებში - სენაკში, ორფოლოსა და ვაზიანში გადაადგილების დაგეგმვა და კოორდინაცია უზრუნველყო.

ინფორმაციისთვის, სწავლებას საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა ხელმძღვანელობს და 26 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით იმართება.

წვრთნების მიზანს ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა და გაძლიერება, მრავალეროვნული მზადყოფნისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარება წარმოადგენს.