მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საზოგადოება

ღონისძიება-ქალები პოლიციაში
1710847467
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კონფერენციის - „ქალები პოლიციაში“ - გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო კონფერენციის - „ქალები პოლიციაში“ - გახსნით ღონისძიებაში და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.კონფერენციის გახსნით ღონისძიებას ასევე დაესწრნენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში - რობინ დანიგანი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) საქართველოს ოფისის დირექტორი - სარა რუპერტი.ალექსანდრე დარახველიძემ მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის პრიორიტეტულობას. მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ქალ პოლიციელად ყოფნა დიდი გამოწვევაა და საპოლიციო სისტემაში მათი როლი სულ უფრო იზრდება. მან ასევე ისაუბრა ქალი პოლიციელების როლზე გენდერულად მგრძნობიარე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში.ალექსანდრე დარახველიძემ აშშ-ის ელჩს საქართველოში - რობინ დანიგანს მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.ღონისძიება მიზნად ისახავდა ქალ სამართალდამცველთა შესაძლებლობების გაძლიერებას და მათი მოტივაციის ამაღლებას. კონფერენცია მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: შევიწროება, დისკრიმინაცია, ლიდერობა, პირადი პასუხისმგებლობა, სტრესის მართვა, ეფექტური კომუნიკაცია, გენდერთან დაკავშირებული სტერეოტიპები და სხვ.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) თანამშრომლობის ფარგლებში, მეთერთმეტე წელია, საქართველოში ტრადიციულად იმართება ყოველწლიური კონფერენცია - „ქალები პოლიციაში“.

მთავრობის მეთაური
1710838561
ირაკლი კობახიძე: ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები ივნისში დაიწყება

გეგმა არის უკიდურესად კონკრეტული, მაისში დასრულდება პროცედურები, რაც ტენდერთან არის დაკავშირებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ანაკლიის პროექტს ეხებოდა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები ივნისში დაიწყება. „დაახლოებით 2 წელი დასჭირდება პირველ, ძირითად ფაზას. რაც შეეხება პირველ გემს და ა.შ. მთავარია ჩვენთვის, რომ პირველი ფაზა 2 წელიწადში წარმატებით დასრულდეს. ამაზე არის მთლიანად კონცენტრირებული ჩვენი მუშაობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.ინფორმაციისთვის, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ანაკლიის პორტის განვითარების კუთხით ინვესტიციებს მთავრობაც ახორციელებს. 

ჯორჯიან ეარვეისი
1710835363
„ჯორჯიან ეარვეისი“ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ფრენებს ევროპის 8 მიმართულებით შეასრულებს

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ აპრილიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისიდან პირდაპირ ფრენებს შეასრულებს ევროპის 8 მიმართულებით: ვენაში, პარიზში, ნიცაში, ამსტერდამში, მიუნხენში, ბერლინში, მილანსა და ლარნაკაში. ასევე, „ჯორჯიან ეარვეისი“ თელ-ავივის მიმართულებით ყოველდღიური ფრენების აღდგენაზე მუშაობს.პირდაპირი ფრენები „ბოინგ 737-700“ და „ბოინგ 737-800“ ტიპის ავიახომალდებით შესრულდება. აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დღის საათებში ასრულებს, რაც მგზავრებისთვის განსაკუთრებით კომფორტულია. ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში შედის ჩასაბარებელი ბარგიც.„ჯორჯიან ეარვეისი“ ვენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს შეასრულებს კვირაში სამჯერ: სამშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას. კვირაში სამჯერ რეისები შესრულდება პარიზისა (სამშაბათს, პარასკევსა და კვირას) და ნიცას (ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს) მიმართულებით. ამსტერდამის მიმართულებით ფრენები შესრულდება კვირაში სამჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს. „ჯორჯიან ეარვეისი“ ფრენებს განახორციელებს გერმანიის ქალაქებში: მიუნხენის მიმართულებით კვირაში სამჯერ - ორშაბათს, ოთხშაბათსა და კვირას და ბერლინის მიმართულებით კვირაში ორჯერ - ოთხშაბათსა და შაბათს. მილანის მიმართულებით ფრენები შესრულდება კვირაში სამჯერ სამშაბათს, პარასკევსა და კვირას. ყოველდღე შესრულდება პირდაპირი ფრენები თბილისი-ლარნაკას მიმართულებით.ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე იგეგმება ყოველდღიური რეისების შესრულება თელ-ავივის მიმართულებითაც.

ირაკლი კობახიძე
1710833602
კობახიძე: განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდება

საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიციირდება საქართველოს მთავრობის მიერ.„ინოვაციური ეკოსისტემის შემდგომი გაძლიერებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ახალი ინიციატივები. მათ შორის, მინდა გამოვყო გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სისტემის განვითარებაში - საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდება. შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიციირდება საქართველოს მთავრობის მიერ.საქართველოს ეკონომიკის გლობალური კონკურენტუნარიანობისა და სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების მიზნით, განისაზღვრება ქვეყნის 3 ძირითადი ტექნოლოგიური მიმართულება: პირველი - დღევანდელ მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის განვითარების გარეშე გლობალურ კონკურენციაში ღირსეული ადგილის დამკვიდრება შეუძლებელია. ამ ახალ რეალობაზე საპასუხოდ, განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და სხვა მიმართულებებით ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე სამუშაოდ, სპეციალური სამეცნიერო ჯგუფი შეიქმნება;შემდეგი საკვანძო მიმართულებაა ფაგები. მოგეხსენებათ, საქართველო ამ ტექნოლოგიებში პიონერია და ქვეყანას ფაგების კვლევის თითქმის საუკუნოვანი გამოცდილება აქვს. დღეს, როდესაც მსოფლიო მასშტაბით განსაკუთრებით იზრდება ფაგებზე მოთხოვნა, საქართველოს შეუძლია მსოფლიოს შესთავაზოს მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პროდუქტები ამ მიმართულებით;ბოლოს, აგროტექნოლოგიები - აგრარულ სექტორში საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილია დასაქმებული. სააგენტო მიზნად ისახავს ახალი სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნას, რომლებიც ქართველ ფერმერებს პროდუქტიულობის და კონკურენტუნარიანობის გაზრდაში დაეხმარება.დასასრულს, კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო სააგენტოს ათწლიანი შრომის ძალიან შთამბეჭდავი შედეგები. კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო იუბილე. მის მიღწევებს შეაქვს უდიდესი წვლილი ჩვენი ქვეყნის შემდგომ წინსვლაში და ჩვენი ეკონომიკური სისტემის განვითარებაში.მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სააგენტოს ხელმძღვანელობას და სააგენტოს თითოეულ თანამშრომელს. თითოეული მათგანის წვლილი, ბუნებრივია, არის განსაკუთრებული. პირადად ჩემი და საქართველოს მთავრობის სახელით, მინდა სამომავლოდაც დაგპირდეთ თანადგომას, მხარდაჭერას ყველა თქვენს ინიციატივაში“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე
1710833072
კობახიძე: ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს

მინდა, მივულოცო ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურმა სააგენტოს საქმიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიღწეული შედეგები შთამბეჭდავია.„ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია ის საქმიანობა, რომელსაც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებისთვის ახორციელებს.სააგენტოს ათწლიანი საქმიანობის შედეგები შთამბეჭდავია. საგრანტო პროგრამების ფარგლებში, დაახლოებით 38 მილიონი ლარით დაფინანსდა გლობალური მასშტაბის პოტენციალის მქონე 200-ზე მეტი ინოვაციური სტარტაპი. შედეგად, ბენეფიციარებმა დააგენერირეს ნახევარი მილიარდი ლარის ოდენობის კერძო ფინანსური სარგებელი და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შექმნეს 3 ათასი ახალი სამუშაო ადგილი. დამეთანხმებით, ეს არის ძალიან შთამბეჭდავი შედეგები.სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში შემოვიდა მსოფლიოს ტოპ 3-ში შემავალი აქსელერატორი „500“. საერთაშორისო დონის აქსელერაციის პროგრამაში, რომელსაც იგი ახორციელებს, ქართულთან ერთად, საერთაშორისო სტარტაპებიც მონაწილეობენ. ეს ფაქტი საქართველოს, როგორც რეგიონული ინოვაციური ჰაბის როლს უსვამს ხაზს. აქსელერაციის პროგრამის შედეგად, 2022 წელს საქართველოში შეიქმნა პირველი კერძო ვენჩერული ფონდი 20 მილიონი დოლარის კაპიტალით.საქართველოს მასშტაბით, შეიქმნა 9 ტექნოპარკი, რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპით უზრუნველყოფს ინოვაციური იდეების მქონე მოქალაქეების დახმარებას სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში. წელს, მეათე ტექნოპარკი ქუთაისში გაიხსნება“, - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე და ილია თოფურია
1710832129
პრემიერ-მინისტრმა ილია თოფურიას UFC-ის ჩემპიონობა მიულოცა და წარმატებები უსურვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე UFC-ის ჩემპიონს, ილია თოფურიას შეხვდა.მთავრობის მეთაურმა სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის მისი გამარჯვება ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანია.ირაკლი კობახიძე ილია თოფურიას სამომავლო გეგმებითაც დაინტერესდა და წარმატებები უსურვა.ჩემპიონთან საუბრისას პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ესპანეთის მოქალაქეობის მინიჭების პარალელურად, მნიშვნელოვანია, მას შეუნარჩუნდეს საქართველოს მოქალაქეობა. მთავრობის მეთაური იუსტიციის სამინისტროსა და პრეზიდენტს მიმართავს, რათა ყველაფერი გაკეთდეს ილია თოფურიასთვის მოქალაქეობის შესანარჩუნებლად.UFC-ის ჩემპიონი, რომელიც საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით ჩამოვიდა, 21 მარტს საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩზე საჩემპიონო ქამარს წარადგენს.

ბაზისბანკი
1710831492
50% ფასდაკლება სტუდენტებს მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლებზე, თეატრის გენერალური სპონსორია ბაზისბანკი

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს, სპექტაკლების ბილეთებზე სპეციალურ შეთავაზებას სთავაზობს.სპეციალური შეთავაზება გულისხმობს 50% ფასდაკლებას თეატრის სპექტაკლებზე დასასწრები ბილეთების შეძენის მსურველებისთვის.აღნიშნული შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია:- მიბრძანდეთ თეატრის სალაროში- წარადგინოთ სტუდენტის ბარათი- ერთ ბარათზე გაიცემა ერთი ბილეთიაქცია მოქმედებს მხოლოდ სპექტაკლის დღეს, 19:00 – 20:00 სთ. პერიოდში.სტუდენტური ფასდაკლება არ მოქმედებს პრემიერის დღეებზე.„ბაზისბანკი, მესამე წელია, კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის გენერალური სპონსორია და ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი პრემიერა თუ მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიება განხორციელდა. მოხარული ვართ, რომ მარჯანიშვილის თეატრი შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, ეზიარონ ქართულ კულტურას და ახალი ინიციატივის ფარგლებში თეატრის მოყვარულები 50%-იანი ფასდაკლებით დაესწრონ სპექტაკლებს. ბაზისბანკი, როგორც ქართული კულტურის აქტიური მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, კიდევ ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტს შესთავაზებს მაყურებელს“, - თამარ, ხადური, ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი.

რკინიგზა
1710831168
საქართველოს რკინიგზამ კომპანია „იუჯითისთან“ ერთად, წარმატებით განახორციელა კონტეინერული დატა ცენტრის მოწყობა

საქართველოს რკინიგზამ კომპანია „იუჯითისთან“ ერთად წარმატებით განახორციელა კონტეინერული დატა ცენტრის მოწყობა. ეს არის უპრეცედენტო პროექტი, რომლის ანალოგი საქართველოში პირველად განხორციელდა.აღნიშნული დატა ცენტრის უპირატესობა მის პორტატულობაში მდგომარეობს და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი სხვა ლოკაციაზე გადატანა, რაც პროექტის დაგეგმარებისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენდა. საქართველოს რკინიგზისა და „იუჯითის“ ინჟინრების ჩართულობით, ლოკაციაზე, კერძოდ, რკინიგზის ოფისში შესაბამისი პლატფორმა წინასწარ მომზადდა.დატა ცენტრის ტექნოლოგიურ გარემოში წარმატებით და შეუფერხებლად განხორციელდა საქართველოს რკინიგზის IT ინფრასტრუქტურაში არსებული მონაცემების მიგრაცია.საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მასში განთავსებული მონაცემებისთვის და აპარატურისთვის დაცულია უსაფრთხოება, ტემპერატურული რეჟიმი და ტენიანობა.შედეგად, საქართველოს რკინიგზას შეუფერხებლად მიეწოდება IT სერვისები, მონაცემები კი განთავსებულია უსაფრთხო და დაცულ გარემოში.Schneider Electric-ის კონტეინერული დატა ცენტრის საინჟინრო ინფრასტრუქტურის დიზაინი შესრულებულია Uptime Institute-ის საიმედოობის Tier III დონის მოთხოვნების მიხედვით.

გამოფენა
1710830036
დაცული ტერიტორიების სააგენტო კალიფორნიაში საერთაშორისო სათავგადასავლო ტურისტულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი

დაცული ტერიტორიების სააგენტო ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში, საერთაშორისო სათავგადასავლო ტურისტულ გამოფენაზე - „Travel and Adventure Show 2024“ იყო წარმოდგენილიმასშტაბურ საერთაშორისო გამოფენას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე დაესწრო.„მსგავსი მასშტაბის გამოფენაში მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა საქართველოს და მისი უნიკალური ბუნების პოპულარიზაციისთვის, ასევე, ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების აქტიური მოზიდვის ხელშეწყობისთვის. გამოფენაში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს წამყვანი ტურისტული კომპანიები; ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აღნიშნულ კომპანიებს სწორად მივაწოდოთ ინფორმაცია საქართველოს ეკოტურისტული პოტენციალის შესახებ“, - აღნიშნა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.გამოფენის „Travel and Adventure Show 2024“ მონაწილეები და დამთვალიერებლები საქართველოს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტულ და სათავგადასავლო მიმართულებებს გაეცნენ; დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ საქართველოს დაცული ტერიტორიებზე, ვირტუალური სათვალეების საშუალებით გასცნობოდნენ საქართველოს უნიკალურ ბუნებას. საქართველოს ეროვნული პარკების და სათავგადასავლო მიმართულებების შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილმა ვრცელი პრეზენტაცია წარადგინა, მოეწყო პანელური დისკუსიები და B2B შეხვედრები.„Travel and Adventure Show“ ტურიზმის სფეროში მსოფლიო მასშტაბის ღონისძიებაა. 19 წლიანი ისტორიის განმავლობაში, აღნიშნულმა გამოფენამ დააკავშირა 2,5 მილიონზე მეტი მოგზაურობის მოყვარული, 15 000-ზე მეტი ტურისტულ სექტორში მოღვაწე კომპანია და ათასობით სამოგზაურო მედია და მარკეტინგული არხი.

გზა
1710825230
როგორი ვითარებაა გზებზე? - განახლებული ინფორმაცია

თოვლის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

 მეუფე შიო
1710786388
მარხვა წმინდა საქმეა, იგი საშუალებაა სიწმინდის მოპოვებისთვის, ვნებების დამარცხებისთვის - მეუფე შიო

მარხვა წმინდა საქმეა... იგი საშუალებაა სიწმინდის მოპოვებისთვის, ვნებების დამარცხებისთვის. როგორც თავშეუკავებლობა გზას უხსნის ყოველგვარ გარყვნილებას, უწმინდურებას ფიქრით და საქმით, ასევე თავშეკავებულობა სულს განწმენდს, აღამაღლებს, ანიჭებს ძალასა და თავისუფლებას..., - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.მეუფე შიოს თქმით, მარხვა არის საშუალება ბოროტი სულების განდევნისა.„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.ჩვენთან არს ღმერთი! ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დიდი მარხვის დაწყებას, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.დიდი მარხვა - ეს არის ღმერთის განსაკუთრებული წყალობის გამოვლინება ჩვენზე. რით შეგვიძლია ჩვენ, ცოდვილებს, რომ ვუპასუხოთ უფალს ამ დიდი წყალობისთვის? ჩვენ უნდა მივართვათ მას თავშეკავება, ლოცვა, მარხვა და სინანული. აი, სწორედ ამისკენ მოგვიწოდებს ჩვენ წმინდა ეკლესია, როგორც მოსიყვარულე დედა, დიდი მარხვის ღვთისმსახურებაში, რომ გამოაღვიძოს ჩვენი დაძინებული სინდისი და აღძრას ჩვენში გამოსწორების სურვილი და მოშურნეობა.„სულო ჩემო, სულო ჩემო, აღსდექ, რასა გძინავს, აღსასრული მოახლებულ არს და გეგულვების შენ აღშფოთება. განიღვიძე, რათა შეგიწყალოს შენ ქრისტემან ღმერთმან, რომელი ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს“. აი, ასეთი სიტყვები მოვისმინეთ და ჩვენც ამ სიტყვებით მივმართოთ ჩვენს სულს იმისთვის, რომ გამოვაფხიზლოთ იგი ცოდვებით დამძიმებული ღრმა ძილისგან.„სულო ჩემო, სულო ჩემო, აღსდექ მიწიურისადმი მიჯაჭვულობისგან, ვინაიდან შენ არ ხარ შექმნილი მიწიურისთვის, არამედ - ზეციურისთვის. შენ არ ხარ შექმნილი იმისთვის, რომ დაემონო წარმავალსა და ხრწნადს, არამედ იმისთვის, რომ შენს შემოქმედსა და მაცხოვარს ემსახურო და მას ადიდებდე“. აი, ასე მივმართოთ ჩვენ ჩვენს სულს.სინანული წმინდა ეკლესიის მიერ დაკავშირებულია დიდი მარხვის სარბიელთან, რომელიც ჩვენს სულს ამსუბუქებს, განწმენდს და აძლიერებს.ჩვენი მარხვა ეკლესიაში დადგენილია თვით მაცხოვრის მიერ აღსრულებული ორმოცდღიანი მარხვის მიბაძვით, ვინაიდან ყველაფერი მაცხოვრის ცხოვრებაში სამაგალითოა ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის. მან თავად დაუწესა მარხვა თავის მოწაფეებს, როდესაც მას ჰკითხავენ: ,,რატომ არ მარხულობენ შენი მოწაფეები, როგორც ჩვენ და ფარისევლები?" პასუხად მაცხოვარი მიუგებს: „განა შესაძლებელია, წუხდნენ მექორწილენი, სანამ სიძე მათთან არის? მოვა დრო, სიძე აღარ ეყოლებათ და მაშინ იმარხულებენ“. აი, ამ სიტყვებით უფალი ამბობს, რომ ვისაც იგი უყვარს, ვისაც სურს, მასთან ერთად იყოს, ის იმარხულებს მისი ჯვარცმისა და სიკვდილის შემდეგ. სწორედ ამიტომაც წმინდა ეკლესია ასეთი მარხვით აღნიშნავს ქრისტეს ჯვარცმასა და მისი აღდგომის დღესასწაულს.მარხვა წმინდა რამაა, წმინდა საქმეა, იმიტომ რომ იგი საშუალებაა სიწმინდის მოპოვებისთვის, ვნებების დამარცხებისთვის. როგორც თავშეუკავებლობა გზას უხსნის ყოველგვარ გარყვნილებას, უწმინდურებას ფიქრით და საქმით, ასევე თავშეკავებულობა სულს განწმენდს, აღამაღლებს, ანიჭებს ძალასა და თავისუფლებას.გარდა ამისა, როგორც იცით, მარხვა არის საშუალება ბოროტი სულების განდევნისა, როგორც თვით უფალი იესო ქრისტე ამბობს: „ნათესავი ესე განიდევნება მხოლოდ მარხვით და ლოცვით“. ამიტომ არის, რომ დიდი მოსაგრეები და წმინდანები მხოლოდ მარხვის და მკაცრი მარხვის მეშვეობით აღწევდნენ ღმერთთან სიახლოვეს, განსაკუთრებულ ნიჭებს და განსაკუთრებულ მადლს.ამიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, ვეცადოთ, სინანულითა და მარხვით განვიწმინდოთ ჩვენი ცოდვები და ეს მარხვა ყოფილიყოს ჩვენთვის ნამდვილი სულიერი გაზაფხული იმისთვის, რომ სიხარულით შევეგებოთ ბრწყინვალე აღდგომას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულით წმინდითურთ, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“ - აღნიშნა ქადაგებისას მეუფე შიომ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი
1710773904
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

••• იტვირთება