მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ამ ქვეყანაში ჟურნალისტებს კლავენ“ - ინგა გრიგოლია

ინგა გრიგოლია

„წვერიანო, უწვერო, თავსაფრიანო - დაგიდგებათ ერთი დღე, როცა სახლში შემოგივარდებიან, როცა რაღაცის თქმა მოგინდებათ და არსად გეყოლებათ ჟურნალისტი“, - ამის შესახებ ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რითაც ის ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას გამოეხმაურა.

გრიგოლიას თქმით, ხელისუფლებამ თავისუფალი მედიის წინააღმდეგ გაილაშქრა და სპეცოპერაცია ჩაატარა.

„ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც მედიას კლავენ. დღეს დავარღვევ ყველანაირ სტანდარტს, მაპატიეთ, მაგრამ საერთოდ არ მაინტერესებს. ახლა ყველაფერს დავარქმევ თავის სახელს. ეს არის ქვეყანა, სადაც მედიას კლავენ, სადაც იმ დღეს, 5 ივლისს ხელისუფლებამ თავის მომხრეებს გაუგზავნა მთავარი მესიჯი, სადაც დაინახავთ მიკროფონიანს და კამერიანს, მიადექით და სცემეთ.

ვუსამძიმრებ ყველას, ვისაც თავი თავისუფალ მედიად მიაჩნია. ლექსოს სიკვდილი, ტვ „პირველის“ ტრაგედიაც არის, „მთავარის“ ტრაგედიაც არის, საზოგადოებრივის, ფორმულას და ყველასი, ვისაც აქვს განცდა, რომ მართლა მედიაა.

ამ ქვეყანაში ჟურნალისტებს კლავენ. ახლა მინდა მივმართო იმ ხალხს მთელი ეს დღეები, რომ გვამუნათებდნენ. წვერიანო, უწვერო, თავსაფრიანო, უთავსაფროვ, დაგიდგებათ ერთი დღე როცა სახლში შემოგივარდებიან, როცა თქვენს უფლებებს ფეხქვეშ გათელავენ, როცა რაღაცის თქმა მოგინდებათ და თქვენ არსად აღარ გეყოლებათ ჟურნალისტი.

ხალხნო იმდენი არ ქნათ, რომ ამ ქვეყანაში თავისუფალი მედია მართლა გაქრეს. ვინმეს ეჭვი გეპარებათ, რომ ეს ხელისუფლების მიერ იყო დაგეგმილი? მე არ მეპარება ეჭვი“, - აცხადებს გრიგოლია.

ინფორმაციისთვის, 11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიდან ერთ-ერთი იყო, რომელსაც 5 ივლისს რადიკალური დაჯგუფებები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის საავადმყოფოდან 10 ივლისს გაწერეს.

ლექსო ლაშქარავა 38 წლის იყო. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

ამავე თემაზე:

✔️ „როგორც ეკლესიის წილი, მეც როგორც ეპისკოპოსი, ვიღებ პასუხისმგებლობას“ - მეუფე საბა ოპერატორის გარდაცვალებაზე

✔️ პრეზიდენტი გარდაცვლილი ოპერატორის სახლში მივიდა (ვიდეო)

✔️ „უდიდეს გულისტკივილს გამოვხატავ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო, ეს არის წარმოუდგენელი ტრაგედია“ - პრემიერი