მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არ არსებობს მათთვის არც სახელმწიფო, არც სახელმწიფო ინსტიტუტები, არც კანონის უზენაესობა - დავით ქართველიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“

ექსპერტი დავით ქართველიშვილი Pia.ge

ექსპერტი დავით ქართველიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიასა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, თვე არ გადის, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა მმართველი გუნდის წევრებზე პირდაპირი თავდასხმა თუ გამიზნული პროვოკაცია არ განახორციელონ:

„თუ ვინმეს მართლა ამნეზია ჭირს, მე ძალიან კარგად მახსოვს თუ რა შპს „მიშიზმი და მიშისტების კერძო დაცვად“ იყო გადაქცეული მთელი სახელმწიფო მანქანა, მათ შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. მაგალითად, გიგა ბოკერია შედიოდა ს.დ.ს.ს.-ს დასაცავ პირთა ნუსხაში, თუმცა მისი მეუღლე - არ შედიოდა. მიუხედავად ამისა, კვირა არ გადიოდა მისგან „სიგნალები“ არ შესულიყო ოპერატიულ სამმართველოში ჩივილებით, რომ მას „სექსისტური“ მზერით შეხედეს ხან მანქანაში, ხან სტომატოლოგთან. აბა მიდი, და „მაგარი ბიჭი“ ყოფილიყავი, იმდროინდელი ს.დ.ს.ს.-ს დასაცავი პირისთვის რამე გაგებედა - ან ხერხემალში გაგტეხავდნენ, ან პირად თუ სამსახურებრივ ცხოვრებას გაგიმწარებდნენ.

თვე არ გადის, რომ ს.დ.ს.ს.-ს ამჟამინდელ დასაცავ პირებს - პრემიერ-მინისტრის მცირეწლოვანი შვილები, თუ მმართველი პარტიის თავმჯდომარე იქნება - პირდაპირი თავდასხმა თუ გამიზნული პროვოკაცია არ განახორციელონ. ხან მედიის, ხან ოპოზიციის მანტიით - რომლებსაც ვიღაცამ რატომღაც დაარწმუნა, რომ მათ კანონის წინაშე ინდულგენცია გააჩნიათ. ამ კატეგორიას განეკუთვნება დღევანდელი ინციდენტიც, ნიკანორ მელიას მხრიდან ირაკლი კობახიძეზე თავდასხმის სახით. არ არსებობს მათთვის არც სახელმწიფო, არც სახელმწიფო ინსტიტუტები, არც კანონის უზენაესობა - სრული იგნორი! წარმოდგენაც კი არ მინდა, საფრანგეთსა თუ გერმანიაში იქაური სახელმწიფო დაცვის ობიექტებზე მსგავსი თავდასხმის დროს რა კანონიერ ზომებს მიმართავდნენ. ასე რომ, დავივიწყოთ „ნაცების“ არჩევნებში მონაწილეობა - იქ, სადაც სახელმწიფოს და კონსტიტუციას არ ცნობ, არჩევნებიც „გკიდია“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირის ოფისის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც კობახიძემ ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან შეხვედრა დატოვა, მელია კი ელჩთან შესახვედრად მივიდა.

მელიასა და კობახიძის დაპირისპირების მიზეზი დმანისში მომხდარი ინციდენტი გახდა.

„თქვენ მართლა გჯერათ, რომ ჩვენი აქტივისტი მართლა ჩვენ დავჭერით? უსინდისოები ხართ და 2 ოქტომბერს მიიღებთ შესაბამის პასუხს, შე ბიძინა ივანიშვილის მონავ“, - თქვა მელიამ და კობახიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიას ნაძირალა უწოდა.

დაპირისპირება რამდენიმე წუთი გაგრძელდა. მოგვიანებით ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის წარმომადგენლობითი ოფისის ტერიტორია დატოვა.