მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არასრულწლოვნებმა ჩემთან საუბრისას გაიხსენეს პანსიონში ფიზიკური დასჯის და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები“- ნინო ლომჯარია

ომბუდსმენი, სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ გვერდზე წერს, რომ ნინოწმინდის პანსიონიდან წამოსულ 6 არასრულწლოვანს ესაუბრა, რომლებმაც ფიზიკური დასჯისა და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები გაიხსენეს.

„დღეს შევხვდი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის 6 აღსაზრდელს, რომლებიც საკუთარი სურვილით გადავიდნენ ალტერნატიულ ზრუნვაში. ყველა მათგანი მშვიდ და უსაფრთხო გარემოში იმყოფება, შეუფერხებლად მიეწოდებათ მხარდამჭერი სერვისები. ბავშვების ინფორმაციით, ისინი თავს გრძნობენ კარგად და ახალ გარემოსთან და სხვა ბავშვებთან შეგუება არ გასჭირვებიათ.

არასრულწლოვნებმა ჩემთან დეტალურად ისაუბრეს ნინოწმინდის პანსიონში გატარებულ წლებზე. გაიხსენეს ფიზიკური დასჯის და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები, რასაც, მათი თქმით, მეტწილად მცირეწლოვნების პერიოდში ჰქონდა ადგილი.

ამ ეტაპზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში, დეტალურად შეფასდეს ყველა ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში არსებული მდგომარეობა, დაიგეგმოს მათი ოჯახებში შესაძლო დაბრუნება და გადაიდგას ნაბიჯები ოჯახების გაძლიერების მიმართულებით“ - წერს ლომჯარია.

მისი თქმით, საუბრის შემდეგ კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ პანსიონი ყველა ბავშვმა უნდა დატოვოს.

„ბავშვებთან გასაუბრებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მცხოვრებმა ყველა არასრულწლოვანმა, მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, უნდა დატოვონ ეს ადგილი და სახელმწიფომ უნდა შეუქმნას მათ ღირსეული, საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული გარემო ოჯახებსა თუ სახელმწიფო ზრუნვის ოჯახური ტიპის დაწესებულებებში.

ჩვენ ვაგრძელებთ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან გამოყვანილი ბავშვების მდგომარეობის და საჭიროებების მონიტორინგს, ასევე, შევისწავლით ყველა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობას, ვინც ჯერ კიდევ ამ პანსიონში იმყოფება“ - აღნიშნავს ლომჯარია.

ინფორმაციისათვის, პანსიონი ამჟამად 20-მა არასრულწლოვანმა დატოვა.

იხილეთ აგრეთვე:

✅მეუფე ნიკოლოზი არ გამორიცხავს, პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ

✅მშობლების გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის პანსიონი ხუთმა ბავშვმა დატოვა

✅სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო - PHR