მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ასი წელი წაგებიან მდგომარეობაში ყოფნას, ჯობია ახლა გაწყდეს ხელშეკრულება“ - მარიტა მუსელიანი „ნამახვანჰესზე“

მარიტა მუსელიანი

რიონის ხეობის მცველის მარიტა მუსელიანის განცხადებით, კარგი პრეცედენტია, რომ კომპანია „ენკამ“ „ნამახვანჰესის“ პროექტის შესახებ ხელშეკრულება შეწყვიტა, რადგან არსებული პირობებით მისი განხორციელებით ქვეყანა უფრო დიდ ზიანს მიიღებდა.

როგორც მან საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან კომენტარში აღნიშნა, რიონის ხეობის მცველების პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ კაბალური ხელშეკრულება და სახელმწიფოს ინტერესების დაზიანება იყო.

„ხელშეკრულება რომ შეწყდება, ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემები არ იქნება. ხელშეკრულების შეწყვეტა გამოიწვევს სახელმწიფოს დავალდებულებას, რადგან არის არათანაბარი ხელშეკრულება. მაინცდამაინც სასიამოვნო არ არის, როცა სახელმწიფოს სანქციები ეკისრება, მაგრამ ამის გამო ხომ არ დავკომპლექსდებით. კომპანიამ გადაწყვიტა, რომ არ უღირთ ამ პროექტის შესრულება, თვითონ არანაირად არ დაზარალდება, თავისას სავარაუდოდ მიიღებს.

ეს ხელშეკრულება საერთოდ არ იყო კარგი. იმიტომ იყო კაბალური, რომ ყველა ვარიანტში დაზარალებული გამოდიოდა სახელმწიფო, მაგრამ ასი წელი წაგებიან მდგომარეობაში ყოფნას ჯობია ახლა გაწყდეს ხელშეკრულება. ყოველ შემთხვევაში, ძალისმიერი მეთოდების გამოყენებასა და ჭიდაობას ასე ჯობდა, ეს ჩვენი მიღწევაა, რასაკვირველია.

ალბათ, სავარაუდოდ, დაძებნიან ახალ ინვესტორს, რომელიც გამოისყიდის ამ პროექტს და ამ თანხებს გადაფარავს, რომლითაც სახელმწიფო დაზიანდება, მაგრამ ხელისუფლების პრობლემაც ის იყო, რომ ვინ შემოვა ამ პირობებით“, - განაცხადა მარიტა მუსელიანმა.

კითხვაზე, დაუჭერენ თუ არა მხარს რიონის ხეობის მცველები სხვა ინვესტორის მიერ ჰესის მშენებლობას, ხელშეკრულების პირობების ცვლილების შემთხვევაში, მარიტა მუსელიანი პასუხობს, რომ საკითხი კომპლექსურია და ხელშეკრულებამდე სხვა მნიშვნელოვანი საკითხები უნდა შეფასდეს.

„ეს კომპლექსური პრობლემაა ძალიან. ხელშეკრულება მას შემდეგ განიხილება, რაც პროექტის განხორციელების შესაძლებლობის შესახებ შესაბამისი კვლევა ჩატარდება და მოხდება მისი შეფასება. გარემოსდაცვით ნაწილში ჩვენ არ გვაქვს პოზიტივი, ამიტომ მხოლოდ ხელშეკრულების პირობების ცვლილება რასაკვირველია დამაკმაყოფილებელი არ იქნება. თუ ამ საკითხზე ისევ დადგება მსჯელობა, ჯერ ის უნდა განვიხილოთ, რა რის ფასად კეთდება.

ჯერ უნდა განისაზღვროს პროექტის შესრულების შესაძლებლობა, რისკები და მხოლოდ ამის შემდეგ მოდის ხელშეკრულების საკითხი. ეს ყველაფერი არ განხილულა. ამას სჭირდებოდა კომპლექსური მუშაობა. ხელშეკრულების გაწყვეტა მიმდინარედ კარგი პრეცედენტია, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი გადასაწყვეტია. ის საკითხები, რაც დავაყენეთ, რა არის საჭირო ენერგოდამოუკიდებლობისთვის, ენერგოპოლიტიკის განსაზღვრა და ა.შ. ეს თემები დარჩება რა თქმა უნდა“, - აღნიშნა მარტია მუსელიანმა.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „ენკამ“ რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ პროექტის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება გააუქმა.

რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის მშენებლობას 2018 წლიდან ეწინააღმდეგებოდა.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქტიური პროტესტი, დაახლოებით, ნახევარი წელი მიმდინარეობდა.

პროტესტის გამო, მიმდინარე წლის 24 აპრილს, მთავრობის გადაწყვეტილებით, „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვის პერიოდით მორატორიუმი გამოცხადდა.