მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დღეს ჟურნალისტები იყვნენ უფლებადამცველები“ - ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი

„დღეს ჟურნალისტები იყვნენ უფლებადამცველები. მათ, გმირულად მუშაობით, მოვლენების უარესად განვითარების პრევენცია და ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენების, ძალადობრივი ქმედებების დოკუმენტირება უზრუნველყვეს“, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

ომბუდსმენი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დღესვე დაიწყოს განვითარებული მოვლენების ამსახველი ვიდეომასალის შესწავლა.

„მხარდაჭერას ვუცხადებ ჟურნალისტებს, რომლებიც სამოქალაქო გმირობას სჩადიოდნენ დღეს და საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობის და რისკის ფასად აშუქებდნენ რუსთაველის გამზირზე და მის გარშემო მიმდინარე მოვლენებს.

დღეს ჟურნალისტები იყვნენ უფლებადამცველები. მათ, გმირულად მუშაობით, მოვლენების უარესად განვითარების პრევენცია და ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენების, ძალადობრივი ქმედებების დოკუმენტირება უზრუნველყვეს.

მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ დღესვე დაიწყონ გავრცელებული ვიდეო მასალის გაშიფვრა და იდენტიფიცირება იმ ადამიანების, ვინც ძალადობდნენ ჟურნალისტებზე, მშვიდობიან მოქალაქეებზე, და უახლოეს პერიოდში მოგვაწოდონ ინფორმაცია, თუ რა ღონისძიებები გაატარეს ამ ადამიანების იდენტიფიცირებისთვის და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემისთვის.

მისი თქმით, წინა წლებში არც ერთ მსგავს ფაქტთან დაკავშირებით არ მომხდარა სათანადო სამართლებრივი რეაგირება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან.

„მინდა, ვთქვა, რომ წინა წლებში არც ერთ მსგავს ფაქტთან დაკავშირებით არ მომხდარა სათანადო სამართლებრივი რეაგირება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ყველა შემთხვევაში, მსგავსი ძალადობრივი ფაქტები, სიძულვილით მოტივირებული და ჩადენილი ძალადობრივი ფაქტები რჩებოდა დაუსჯელი და მიგვაჩნია, რომ სწორედ ამ დამოკიდებულებამ წაახალისა დღევანდელი ქმედებები.

ასევე, უკიდურესად მიუღებელი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომლითაც მან ფაქტობრივად გაათანაბრა ძალადობრივი და მშვიდობიანი ჯგუფები უფლებრივად. ცალსახად მინდა, აღვნიშნო, რომ, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს უფლება, გამოხატოს საწინააღმდეგო აზრი, მათ შორის პრაიდის ორგანიზებასთან დაკავშირებითაც, დააფიქსიროს ეს მშვიდობიანი ფორმით, მაგრამ ცალსახაა, რომ ეს ადამიანები უკვე აანონსებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, დილიდანვე დაიწყეს ძალადობრივი ქმედებები საკუთრების, მოქალაქეების წინააღმდეგ და ა.შ.

შესაბამისად, როდესაც განცხადებებით ძალადობრივ ჯგუფებს უფლებრივად ათანაბრებ მშვიდობიან მოქალაქეებთან, ეს არის აპრიორი არასწორი და კიდევ ერთხელ დამატებითი წახალისება ამ ჯგუფებისა, რომ იძალადონ.“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ინფორმაციისთვის, „პრაიდის კვირეული“ საქართველოში 1-5 ივლისს იმართება. კვირეულის ფარგლებში სულ 3 ღონისძიება დაიგეგმა. 1-ელ ივლისს დოკუმენტური ფილმის კინოჩვენება გაიმართა, 3 ივლისს - პრაიდ ფესტივალი, კვირეულის მთავარი აქტივობის, „ღირსების მარშის“ ჩატარება კი 5 ივლის დაიგეგმა.

„ღირსების მარშის“ ჩატარების წინააღმდეგ მობილიზებულები არიან ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები. მარშის გაპროტესტებისკენ მოწოდება გააკეთა საპატრიარქომაც. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა „საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ბავშვთა საინიციატივო ჯგუფის“ სახელით გაავრცელა განცხადება და 18 წლამდე ასაკის ბავშვებსაც მოუწოდა რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ.

5 ივლისს „რუსთაველის“ გამზირზე სიტუაცია დაიძაბა. პარლამენტის შენობასთან „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაშლილი კარვები დაარბიეს, ხოლო შემდეგ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მოგვიანებით, „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის წარმომადგენლებმა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისი დაარბიეს.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. ვითარება ამ დრომდე დაძაბული რჩება.

იხილეთ აგრეთვე:

👉 „პრემიერმა კონსტიტუცია დღეს თავზე გადაგვახია“

👉 „დაცვის გარანტია არ არსებობს, ყველას სიფრთხილისკენ მოვუწოდებ“

👉 „იმ ძალადობას, რასაც ჩვენ ვუყურებთ, არის ჩვენ საკუთარ თავზე უარის თქმა“