მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღგ-ის რეფორმის გაცნობის მიზნით, ბათუმში, ფოთსა და ქუთაისში მეწარმეებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა

ბათუმში, ფოთსა და ქუთაისში მეწარმეებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა

დღგ-ის ახალი რეფორმის გაცნობის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, სხვადასხვა რეგიონში სამუშაო შეხვედრები მეწარმე სუბიექტებთან გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დიალოგის ფორმატში, მორიგი შეხვედრები ბათუმში, ფოთსა და ქუთაისში რეგისტრირებულ მეწარმეებთან გაიმართა.

„ევროკავშირის დღგ-ის დირექტივებზე დაყრდნობით, საგადასახადო კანონმდებლობაში მიღებული ცვლილებები მთავრობისა და ბიზნეს სექტორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა. აღნიშნულ შეხვედრებზე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ მამუკა ბარათაშვილმა დღგ-ის ახალი რეფორმის შესახებ მომზადებული პრეზენტაცია წარადგინა და კომპანიის წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული დღგ-ის რეფორმა გააუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს, ხელს შეუწყობს ქართველი და ევროპელი მეწარმეების საქმიან თანამშრომლობას, ასევე გაამარტივებს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას, შეღავათებით ისარგებლებენ განათლების, სამედიცინო და სოციალურ სფეროში მოღვაწე კომპანიები, შემცირდება სადავო საკითხები, ამასთან რეფორმა კიდევ უფრო აამაღლებს გადამხდელების ნდობას საგადასახადო ადმინისტრირების მიმართ“, - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

სამუშაო ფორმატში გამართულ შეხვედრებს, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი რომან ბუღაძე და იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ლევან წითელაშვილი ესწრებოდნენ. აღნიშნული სახის საინფორმაციო შეხვედრები, გადასახადის გადამხდელებთან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სისტემატურად გაიმართება.