მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეკლესიისა და სახელმწიფოს სფეროების საერთო პრინციპს უნდა წარმოადგენდეს ყველანაირი ძალადობის მკაცრი და უპირობო უარყოფა“ - ქნირში მიტროპოლიტ გერასიმეს

გერმანიის ელჩი

საქართველოში გერმანიის საელჩო ელჩ ჰუბერტ კნირშის წერილს ავრცელებს, რომელიც ელჩმა საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარეს, მიტროპოლიტ გერასიმეს მისწერა.

„თქვენო მაღალ ყოვლად უსამღვდელოესობავ

პატივცემულო ბატონო მიტროპოლიტო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ ელექტრონული მედიასაშუალებების მეშვეობით გაავრცელა განცხადება, რომლითაც საპატრიარქო ასევე მიმართავს თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და მოუწოდებს მათ, გარკვეული პოზიცია დაიკავონ თბილისში დაგეგმილ „ღირსების მარშთან“ დაკავშირებით.

გამოვხატავ რა ეკლესიისა და მისი წარმომადგენლების მიმართ ღრმა პატივისცემას, არ მინდა, ეს განცხადება უპასუხოდ დავტოვო. მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა ძალიან პრინციპულ საკითხებს ეხება, დროთა განმავლობაში ამ საკითხებთან დაკავშირებულმა დისკუსიამ მაინც წინ წაიწია. იმედი მაქვს და მჯერა, რომ შესაძლებელია ურთიერთგაგების საფუძვლების მოძებნა.

რელიგიისა და სახელმწიფოს პრინციპები ქრისტიანულ სამყაროში ყოველთვის გამიჯნული იყო ერთმანეთისაგან. მათეს სახარება ამასთან დაკავშირებით იესოს სიტყვებს გვახსენებს: „მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმრთისა“.

ისტორია თავის სვლას აგრძელებს, კეისრის მაგივრად დღეს ჩვენ ქვეყნებში საბედნიეროდ დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფო გვაქვს. ის, რაც ჩვენს ქვეყნებს პირველ რიგში აერთიანებს, არის ადამიანის ძირითადი უფლებების პატივისცემა და მათი დაცვა. ამ უფლებებს შორის არის ასევე საკუთარი აზრის თავისუფალი გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების უფლება.

თუ ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთს თავ-თავიანთ სფეროებში პატივს სცემენ, მაშინ მათ შეეძლებათ, გაუმკლავდნენ თავიანთ ერთობლივ პასუხისმგებლობას ადამიანების საკეთილდღეოდ. ინტერესით შევიტყვე, რომ მართლმადიდებლობას ამ იდეალისთვის ნაპოვნი აქვს მცნება „სიმფონია“.

ეკლესიისა და სახელმწიფოს სფეროების (ამ უკანასკნელს განეკუთვნება ასევე სახელწიფოს საერთაშორისო კავშირები) საერთო პრინციპს უნდა წარმოადგენდეს ყველანაირი ძალადობის მკაცრი და უპირობო უარყოფა. დემოკრატიული სახელმწიფო ჩვენგან არ მოითხოვს, რომ გვიყვარდეს ჩვენი თანამოქალაქეები, მაგრამ ჩვენგან ელის, რომ მათ არაფერი დავუშავოთ და გავიყოთ მათთან საჯარო სივრცე. ამ დროს ჩვენ ხანდახან იმაზეც ვართ პასუხისმგებლები, რასაც სხვები აკეთებენ. არც ერთი ჩვენი გამონათქვამი არ უნდა იქნეს გამოყენებული იმ პირების მიერ, ვინც ძალადობისათვის გამართლებას ეძებს.

პატივცემულო ბატონო მიტროპოლიტო, თქვენთან ერთად მეც იმედი მაქვს, რომ მომდევნო დღეები არ გამოიწვევს დაპირისპირებას საზოგადოებაში, არამედ უკეთესი თანაცხოვრებისაკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება“, - ნათქვამია წერილში.