მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეს ცირკი და შოუ, რაც ამ დღეების განმავლობაში ვიხილეთ, არის პირადად სააკაშვილის დავალება, რომ  როგორმე ასწიონ ტემპერატურა და საზოგადოებას მოაჩვენონ, თითქოს პატიმარი სააკაშვილი არის მძიმედ ავად - ირაკლი ღარიბაშვილი 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Pia.ge

„ეს ცირკი და შოუ, რაც ამ დღეების განმავლობაში ვიხილეთ, რა თქმა უნდა, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს - ეს არის პირადად პატიმარი სააკაშვილის დავალება, რომ მეორე ტურამდე, იციან რა, რომ რა თქმა უნდა, მეორე ტურებშიც ყველგან დამარცხდებიან, როგორმე აწიონ ტემპერატურა და საზოგადოებას მოაჩვენონ, თითქოს პატიმარი სააკაშვილი არის მძიმედ ავად“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ფაქტი არის შემდეგი, რომ პატიმარი სააკაშვილი დღეს არის ციხეში და ქვეყანაში მის შემოსვლაზე დამატებით ინფორმაციას კვლავაც მიიღებს საზოგადოება.

„ჩვენ შედეგზე ვილაპარაკოთ. ადამიანი შემოიპარა ქურდულად, მანაც ახალი დანაშაული ჩაიდინა, სიტუაცია იყო აბსოლუტურად კონტროლის ქვეშ. ბინის კარი, სადაც სააკაშვილი იმალებოდა, ჩვენმა პოლიციელებმა ამ ბინის გასაღებით გააღეს, ასე რომ აბსოლუტურად უხმაუროდ. ყოველგვარი გართულების გარეშე დააკავეს და მოათავსეს ციხეში. შესაბამისმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე მის მდგომარეობას აკვირდებიან ძალიან კვალიფიციური ექიმები, აკონტროლებენ მის ჯანმრთელობას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამას გარდა, როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ შიმშილობს, ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა ჭამდეს, ამასაც სრული პასუხისმგებლობით გიცხადებთ. შესაბამისმა სამსახურმა ამის თაობაზე განცხადებაც გაავრცელა, მან პირადად იყიდა, საკუთარი საკრედიტო ბარათით, ბანკის ბარათით, პირადად იყიდა, გეცინებათ თქვენც, 7 ქილა თაფლი და ნახევარი კილოგრამი თაფლი მიიღო. აქედან გამომდინარე, შეეშვით ტყუილებს და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას“, - განაცხადა პრემიერმა.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში, რომელიც მან 4 ოქტომბერს გაავრცელა, აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

9 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

10 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა და ექსპრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.