მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ევროკავშირის შრომის ბაზარზე ინტეგრაცია - შესაძლებლობებისა და გამოწვევები“ თემატური მოკვლევის ფარგლებში, სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლების მოსმენები გაიმართა

 ინტეგრაციის კომიტეტი

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი აგრძელებს მუშაობას თემატურ მოკვლევაზე „ევროკავშირის შრომის ბაზარზე ინტეგრაცია - შესაძლებლობები და გამოწვევები“.

საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, 18 და 19 ოქტომბერს, თემატური მოკვლევის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრებმა აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლებს მოუსმინეს.

ევროკავშირის შრომის ბაზარზე ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაცია წარმოადგინეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებმა.

მოსმენების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ევროკავშირის შრომით ბაზარზე საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივები, შრომითი მიგრაციის რეგულირების ძირითადი ასპექტები, ლეგალური მიგრაციის რისკები და შესაძლებლობები. მიმოიხილეს არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული სირთულეები და საფრთხეები, ასევე, პროფესიული განათლების სისტემის გაძლიერებისთვის საჭირო რესურსები.

შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა შრომითი მიგრაციის პროცესის ეფექტიანი ადმინისტრირებისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზე, ასევე, მიგრანტების ლეგალური დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შესაბამისი ორმხრივი შეთანხმებების გაფორმების მნიშვნელობაზე.

თემატური მოკვლევის ფარგლებში წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რომლის მიზანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ბაზარზე ინტეგრაციის ხელშეწყობისა და ლეგალური დასაქმებისთვის სწორი პოლიტიკის შემუშავება.