მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გამოვიდეს საქართველოს პატრიარქი და სინოდი, აიცრან კამერების წინაშე“ - გოჩა ბარნოვი

გოჩა ბარნოვი თეოლოგი

„გამოვიდეს საქართველოს პატრიარქი, მისცეს მაგალითი მოსახლეობას, გამოვიდნენ სინოდის წევრები და აიცრან კამერების წინაშე, თუ სიკეთე უნდათ ხალხისთვის, მაგრამ მათ უნდათ მხოლოდ ძალაუფლების დემონსტრირება“,- ასე ეხმიანება თეოლოგი გოჩა ბარნოვი საპატრიარქოს მისამართით ამირან გამყრელიძის მოწოდებას.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა გუშინ სამღვდელოებას მიმართა, გვერდით დაუდგნენ ექიმებს, ვაქცინაციის დაწყების მხრივ, რადგან ეკლესიას საზოგადოებაზე ძლიერი ზეგავლენა აქვს. ამირან გამყრელიძემ მზაობა გამოთქვა საპატრიარქოსთან ნებისმიერი სახით თანამშრომლობაზე.

დღეს კი, სოციალურ ქსელში, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ანდრია ჯაღმაიძემ დაწერა, რომ ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან დაკავშირებით.

„ვაქცინაციასთან მიმართებით ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში“,- განაცხადა მან.

როგორც თეოლოგი გოჩა ბარნოვი PIA.ge-სთან საუბრისას აცხადებს, ის ფაქტი, რომ გამყრელიძემ საპატრიარქოს თხოვნით მიმართა, როგორც ძალაუფლების მქონე ორგანიზაციას, მიანიშნებს სახელმწიფოს ჩამოშლის პროცესზე. ის ასევე განმარტავს, რომ ვაქცინაცია არ არის ეკლესიის პრეროგატივა.

„ეხვეწებიან ეკლესიას, რომლის კომპეტენციაც არ არის აცრა, ეს არის მედიცინის პრეროგატივა. სამინისტროები მუხლმოდრეკილნი ელოდებიან სინოდს, რომ დაეხმაროს. სინოდს კი ძალაუფლების სხვა პოლუსად წარმოუდგენია თავისი თავი და ეს აჩვენა პანდემიის პირველი ეტაპის დროსაც, როდესაც ის არ დაემორჩილა საყოველთაო რეკომენდაციებს“,- განაცხადა მან.

გოჩა ბარნოვმა ასევე აქცენტი გააკეთა საჯარო ვაქცინაციასთან დაკავშირებით და მოუწოდა ერთი მხრივ, პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს, ხოლო მეორე მხრივ, პატრიარქსა და სონოდს, აიცრან საჯაროდ.

„როგორც უკვე ვთქვი, ეს არ არის ეკლესიის საქმე, ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს საქმე. გამოვიდეს პრემიერი, პრეზიდენტი და აიცრან საჯაროდ, ეს იქნება მაგალითი იმისა, რომ ეს აცრა არ არის ცუდი.

მსოფლიო პატრიარქი გამოვიდა და აიცრა პრესის წინაშე, ასევე რომის პაპი, ათენის მთავარეპისკოპოსი და სხვა ეკლესიის მეთაურები. გამოვიდეს საქართველოს პატრიარქიც, მისცეს მაგალითი მოსახლეობას, გამოვიდნენ სინოდის წევრები და აიცრან კამერების წინაშე, თუ სიკეთე უნდათ ხალხისთვის, მაგრამ მათ უნდათ მხოლოდ ძალაუფლების დემონსტრირება“,- აღნიშნა თეოლოგმა.

აგრეთვე იხილეთ:

🔷ამირან გამყრელიძე სამღვდელოებას: ძალიან გთხოვთ გვერდით დაგვიდგეთ, მოსახლეობას თქვენი სჯერა

🔷„ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში“- ანდრია ჯაღმაიძე