მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ილია მეორე რუსეთის პატრიარქს ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით წერილით მიმართავს

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე რუსეთის პატრიარქს ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით წერილით მიმართავს. წერილს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

როგორც ილია მეორის წერილშია აღნიშნული, ეს არის მეტად მძიმე განსაცდელი როგორც პირადად მისთვის, ისე მისი მშობლების, მეუღლის და არასრულწლოვანი შვილებისათვის.

„თქვენო უწმინდესობავ, მოგესალმებით პატივისცემით და გაწუხებთ შემდეგი საკითხის გამო: ჩვენ დახმარებისათვის მოგვმართეს ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებმა. კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები გახელაძე ზ.მ. გასული წლის ზაფხულში სანადიროდ იმყოფებოდა თავისი სოფლის ახლოს, სხვილოს ისტორიული ციხის და ცხინვალის რეგიონთან არსებული დროებითი საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე და დაკავებული იქნა რუსეთის ფედერაციის მესაზღვრე სამხედრო-მოსამსახურეთა მიერ.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამჟამად იგი ცხინვალის იზოლატორშია და მისჯილი აქვს 12.5 (!) წელი. ეს არის მეტად მძიმე განსაცდელი როგორც პირადად მისთვის, ისე მისი მშობლების, მეუღლის და არასრულწლოვანი შვილებისათვის.

მოგმართავთ თხოვნით, უშუამდგომლოთ გახელაძე ზ.მ-ს, რათა იგი პატიმრობიდან გაათავისუფლონ და ოჯახს დაუბრუნდეს. კარგად გვესმის, რომ ეს რთული საკითხია, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ გახელაძე იქ

გაუცნობიერებლად მოხვდა. მისი გათავისუფლება იქნება სიხარულის მომტანი მთელი ქართველი ხალხისათვის, რომელიც გულითადად თანაუგრძნობს მას ამ გაუგებრობის გამო.

თქვენო უწმინდესობავ, თქვენ ადრეც არაერთხელ დაგვეხმარეთ მსგავს სიტუაციებში, რის გამოც კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და ვიმედოვნებთ, ამჟამადაც, თქვენი შესაძლებლობისამებრ, ყველაფერს გააკეთებთ.

აღვავლენთ ლოცვებს თქვენი კეთილდღეობისა და ღვთისათნო მსახურებაში განმტკიცებისათვის. ქრისტესმიერი სიყვარული“, - ნათქვამია პატრიარქის წერილში.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს.

დაკავებისას, ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. 5 თებერვალს, ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „არანაირი იმედი არ გვაქვს“ - საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის მეუღლე

✔️ ზაზა გახელაძეს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა