მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ინვესტორი მზადაა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი კომპრომისული გადაწყვეტილების გამონახვას“ - ნათია თურნავა ნამახვანჰესზე

 ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახადა, ასეთი მკვეთრი განცხადებით ეპასუხა

„ჩვენ პერმანენტული კონტაქტი გვაქვს ასეთ მსხვილ ინვესტორებთან. „ენკას“ ხელმძღვანელებს ხშირად ვეკონტაქტებით. პირადად მე მაქვს ხშირი კონტაქტი. რა თქმა უნდა, საუბრისას ერთ-ერთი მთავარი თემა არის მედიაციის პროცესი ევროკავშირის თაოსნობით, რომელიც უკვე უახლოეს დღეებში დაიწყება. ინვესტორი სრულიად მზად არის, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი კომპრომისული გადაწყვეტილების გამონახვას. მით უფრო, რომ უკვე წავიდნენ მნიშვნელოვან კომპრომისზე - ვგულისხმობ კაშხლის მშენებლობის ვადის გადაწევას, ხეობის განვითარებისთვის დამატებითი ფონდის შექმნას, ყველა კვლევის გახსნას,“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, 15-მდე ორგანიზაციამ „ნამახვანჰესის“ პროექტის შესახებ არსებული კვლევები გამოითხოვა.

„ჩვენ ველოდებით, როდის დაგვიბრუნდება მათგან დასკვნა, რომლითაც ჩვენ ინვესტორს მოვთხოვთ, რომ გადახედოს მას, გაითვალისწინოს ან კონტრარგუმენტები მოამზადოს,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ინფორმაციისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვის პერიოდით მორატორიუმი გამოცხადდა.

რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის მშენებლობას 2018 წლიდან ეწინააღმდეგება. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქტიური პროტესტი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

მათ რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნას კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების მომზადებაში მონაწილე და დოკუმენტაციაზე ხელმომწერი პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება დაამატეს.

შეგახსენებთ, რომ 23-24 მაისს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქციები გამართეს.

ხეობის მცველები ამ დროისთვის კომპანია „ენკას“ საწყობის შესასვლელთან იმყოფებიან და ადგილზე მოძრაობას აკონტროლებენ. კომპანიის თანამშრომლებს გადაადგილება სპეცრაზმის დახმარებით უწევთ.