მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანდაცვის სამინისტრო ნინოწმინდის პანსიონიდან არასრულწლოვნების გაყვანის შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ნინოწმინდის პანსიონატში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნინოწმინდის პანსიონატში მიმდინარე პროცესების შესწავლისა და დარეგულირების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან ერთად, საპატრიარქოს სპეციალური კომისიის და ბავშვზე ზრუნვის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები აქტიურ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

„ყველა ღონისძიება ზემოაღნიშნული უწყებების აქტიური ჩართულობითა და კოორდინაციით ხორციელდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დროებითი განჩინების აღსრულების პროცესი - ნინოწმინდის პანსიონატიდან შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვების გამოყვანის საკითხზე თანმიმდევრულად ხორციელდება.

მიმდინარეობს მუშაობა დარჩენილი მოზარდების ზრუნვის ალტერნატიულ ფორმაში განთავსებაზეც. ამასთანავე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს შესაბამისი სპეციალისტები ყველა გაყვანილ არასრულწლოვანთან ინდივიდუალურად აგრძელებენ მუშაობას. დღეის მდგომარეობით, სააგენტომ პანსიონატიდან 20 არასრულწლოვნის გამოყვანა უზრუნველყო, მათ შორის, 7 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლობითი ჯგუფი, რომელიც სოციალური მუშაკებით და ფსიქოლოგებითაა დაკომპლექტებული, ბოლო დღეების განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მუშაობს და ბავშვების უსაფრთხო გარემოსა და დაცულობას ადგილზევე უზრუნველყოფს.

სპეციალისტები აფასებენ არასრულწლოვნების მდგომარეობას, ფსიქო-ემოციურ თავისებურებებს და მათ განვითარებას. ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებითა და დაცვით, ნინოწმინდის პანსიონატიდან ზრუნვის ალტერნატიულ ფორმებში განთავსება კოორდინირებულად მიმდინარეობს.

ასევე გვსურს გამოვეხმაუროთ კონკრეტულ მედია საშუალებაში გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს ნინოწმინდის პანსიონატიდან არასრულწლოვნების გამოყვანის პროცესი ქაოსურად, თვითდინებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს გვერდის ავლით მიმდინარეობს, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

კონკრეტულ მედია საშუალებაში გასული სიუჟეტები, სადაც მტკიცებით ფორმაში ხდება ჯანდაცვის სამინისტროს დადანაშაულება, უწყების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება. ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საზოგადოებას, მათ შორის მედიას, თავი შეიკავონ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო სიახლეების შესახებ ინფორმაციას ყველა მედია საშუალებას პროაქტიურად აწვდის. ამავდროულად, შესაბამისი განცხადებები უწყების ოფიციალურ გვერდზე პერიოდულად ქვეყნდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველი ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოვლინდა.

მეუფე სპირიდონის გადაწყვეტილებით, სახალხო დამცველსა და მისი აპარატის თანამშრომლებს ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მონიტორინგის მიზნით შესვლა ეკრძალებათ.

ამავე თემაზე:

✔️ მეუფე ნიკოლოზი არ გამორიცხავს, პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ

✔️ სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო - PHR

✔️ „დარწმუნებული ვარ, რომ საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი“ - თალაკვაძე ნინოწმინდის პანსიონზე