მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ლიტჰაიკერი“ 2021-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „ლიტჰაიკერის“ მეექვსე სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ამის შესახებ უნივერსიტეტის განცხადებაშია ნათქვამი.

ამავე ცნობით, პირველი ადგილის მფლობელი სალომე ბუთხუზი გახდა, მეორე ადგილი ლევან ღავთაძემ დაიკავა, მესამე ადგილზე კი ნინო სარიშვილი გავიდა.

მათ გამომცემლობის მიერ დაწესებულ პრიზები მიიღეს. I ადგილზე გასულ კონკურსანტს 500 ლარი და 500-ლარიანი ვაუჩერი გადაეცა, II ადგილზე: 300-ლარიანი ვაუჩერი, III ადგილზე გასულ მონაწილეს კი 150-ლარიანი ვაუჩერი. ამასთან, გამარჯვებულებს და ფინალისტებს თსუ-მ სამახსოვრო საჩუქრები და უნივერსიტეტის გამომცემლობის ნაკრები გადასცა.

წელს კონკურსანტებმა პროექტისთვის შერჩეული ქართველი ავტორების 10 წიგნი წაიკითხეს. პროექტის ფარგლებში სტუდენტები მწერლებს, საკონკურსო წიგნების ავტორებსაც შეხვდნენ. პირველი შეხვედრა არჩილ ქიქოძესთან, მეორე კი ბექა ადამაშვილთან გაიმართა.

კონკურსში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად საქართველოს 5 უნივერსიტეტის: ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამივე საფეხურის სტუდენტები მონაწილეობდნენ. პროექტი, რომლის მიზანი ახალგაზრდების წიგნიერების ხელშეწყობაა, კორონავირუსის პანდემიის გამო, მეორე წელია ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს.

„პროექტი, რომელიც, თავის დროზე, სწორედ სტუდენტების იდეის საფუძველზე ჩამოყალიბდა, მეშვიდე წელია წარმატებით ხორციელდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. წლევანდელი კონკურსი იმით იყო გამორჩეული, რომ ყველა საკონკურსო წიგნის ავტორი იყო ქართველი მწერალი და ეს ლიტერატურულ მოგზაურობას განსაკუთრებით საინტერესოს ხდიდა სტუდენტებთან ერთად. ვფიქრობ, რომ ეს პროექტი მომავალშიც წარმატებით განხორციელდება ჩვენი პარტნიორების დიდი მხარდაჭერით“, - განაცხადა თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნანა მამაგულიშვილმა.

პროექტის პარტნიორია „სულაკაურის გამომცემლობა“.

როგორც გამომცემლობის ქართული პროზის მარკეტინგის მენეჯერმა ნინი თავხელიძემ აღნიშნა, კონკურსმა წარმატებით ჩაიარა, რაც იმედს აჩენს, რომ ქართულ თანამედროვე პროზას კონკურსანტების სახით ახალი მკითხველები შეემატა.

„უკვე მეორე წელია, რაც ამ კონკურსის მხარდამჭერები ვართ და ძალიან გვინდა, რომ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდეს. ვულოცავ ყველა ფინალისტს და გამარჯვებულს. იმედი მაქვს, რომ ისინი გამოიყენებენ ჩვენს საჩუქრებს და მთელი ზაფხულის განმავლობაში გააგრძელებენ კითხვას“,- აღნიშნა ნინი თავხელიძემ.

„ლიტჰაიკერში“ მონაწილეობამ პროექტის გამარჯვებულს, თსუ სტუდენტს სალომე ბუთხუზს საყვარელი მწერალი აღმოაჩენინა. მისი აზრით, ეს პროექტი არის საუკეთესო შესაძლებლობა ლიტერატურით და კითხვით დაინტერესებული სტუდენტებისთვის მიიღონ ახალი ცოდნა და გაეცნონ ახალ ავტორებს.

„ლიტჰაიკერს, პირველ რიგში, ვუმადლი იმ ჩინებულ გრძნობას, რაც პროექტის ორგანიზატორებმა მომანიჭეს და ეს არის საყვარელი მწერლის აღმოჩენა. იმ ვაუჩერით, რომელიც გადმომეცა, პირველ რიგში ზაირა არსენიშვილის სხვა წიგნებს შევიძენ. ლიტჰაიკერს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, იმიტომ, რომ ზოგადად ლიტერატურა და წიგნები მეობის აღმოჩენაში გვეხმარება და ამაში დიდი წვლილი ამ პროექტმაც შეიტანა,“ - განაცხადა სალომე ბუთხუზმა.

2014 წლიდან პროექტის პარტნიორი გამომცემლობა „პალიტრა L“ იყო (პროექტის სახელი „თაობა L“), 2016 წლიდან - გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ („პლანეტა რიდმორი“), 2020 წლიდან კი პროექტის პარტნიორია „სულაკაურის გამომცემლობა“ („ლიტჰაიკერი“).