მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარიამ ქვრივიშვილი: შიდატურიზმის გახსნა სრულიად საქართველოს შეეხება

შიდა ტურიზმის ამოქმედება

საქართველოს მთავრობის ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა შიდა ტურიზმის გახსნის და იმ სავალდებულო წესების შესახებ ისაუბრა, რომელსაც ტურისტული სექტორი უნდა აკმაყოფილებდეს.

"15 ივნისი შიდატურიზმის გახსნის თარიღია, ხოლო 1 ივლისი საერთაშორისო მოგზაურების, რაც ასევე გულისხმობს როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო გზით ტურისტების შემოსვლას.

შიდატურიზმის გახსნა სრულიად საქართველოს შეეხება. ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას იყო მკაფიოდ გამოკვეთილი ის კრიტერიუმები, რომელსაც სასტუმროები, კვების ობიექტები, ტურისტული კომპანიები, გიდები უნდა აკმაყოფილებდნენ, რათა მოქალაქეები დაცულები იყვნენ. ყველა ის კურორტი, სასტუმრო თუ კვების ობიექტი, რომელიც დანერგავს საერთაშორისო ნორმებს ტურისტულად აქტიური იქნება. ჩვენ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს მთავრობა ხელს შევუწყობთ კერძო სექტორს ამ ნორმების დანერგვაში",-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ე.წ. მწვანე ზონების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს იქნება სხვადახვა რეგიონში განაწილებული, სრულად დაცული ტერიტორიები.

"რაც შეეხება მეორე პროექტს, რომელიც არის ე.წ. მწვანე ზონები, აქ აქცენტი გაკეთდება ე.წ. კოვიდისგან თავისუფალ ზონებზე, რომლის გამოცდილებაც საბედნიეროდ უკვე ძალიან ბევრ სასტუმროს დაუგროვდა, რომელიც 2 თვეა საკარანტინო სივრცეების ფორმატშია. შემუშავდება გაიდლაინები, რომელიც ყველა კურორტისთვის მსგავსი შინაარსის იქნება, ცალკე შეიქმნება სარესტორნო ბიზნესისთვის, ტურისტული კომპანიებისთვის, გიდებისთვის, განთავსების ობიექტებისთვის. შესაძლებელია იყოს მკაცრი ზომები, თუმცა ეს სიმკაცრე ყველას გადაგვაზღვევს, როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ასევე საერთაშორისო მოგზაურებსაც. ინფრასტრუქტურის ნაწილში, ბუნებრივია, ზაფხულის და ასევე ზამთრის კურორტებზე ვიწყებთ მუშაობას, ყველა ერთად ნახავთ სიახლეებს",-აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.