მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიზანმიმართული თუ არ არის, ბოდიში მაინც მოიხადე, ან რამე თქვი რომ შეგეშალა - გიორგი თუხარელი ნოდარ მელაძეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი გიორგი თუხარელი, „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი გიორგი თუხარელი „ტვ პირველის“ ეთერში გასულ ანონსს ეხმაურება, რომლის თანახმად ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა და გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ წამყვანმა ნოდარ მელაძემ გადაცემის ანონსში განაცხადა, რომ პირი, რომელიც შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს ბათუმის ტრაგედიის პერიოდში გვერდში ედგა, ბიზნესმენი გია ჭყონია იყო, თუმცა, აღნიშნული პიროვნება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი გახლდათ.

გიორგი თუხარელი „ტვ პირველს“ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ „ტვ პირველმა“ მოსახლეობას ყოველგვარი გადამოწმების გარეშე უჩვენა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის ფოტო, როგორც ერთ-ერთი ბიზნესმენი.

თუხარელი „ტვ პირველისგან“ ბოდიშის მოხდას და შეცდომის აღიარებას ითხოვს:

„რა არის დეზინფორმაცია?

დეზინფორმაცია - ყალბი, არაზუსტი, შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია, რომელიც განგებ არის შექმნილი/გავრცელებული და მიზნად ისახავს ზიანი მიაყენოს კონკრეტულ პიროვნებას, ორგანიზაციას ან სახელმწიფოს.

რა არის შეცდომა?
ალბათ ჩვეულებრივი ამბავი, რომელზეც წესით უნდა თქვა რომ შეგეშალა და ბოდიში მოიხადო...

რა გააკეთა ტვ პირველმა ?
გამოიძია, დაადგინა და მოსახლეობას ყოველგვარი გადამოწმების გარეშე უჩვენა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის ფოტო როგორც ერთ-ერთი ბიზნესმენი, რომლის შესახებაც სავარაუდოდ ამზადებენ სიუჟეტს და რომელიც, როგორც თავად ამბობენ, გვერდიდან არ მოშორებია ადგილზე მყოფ პირებს.

დიახ, არ ცდება არც ნოდარი და არც მისი გუნდი, თემურ მღებრიშვილი გვერდიდან არ მოცილებია არც მინისტრს და არც იქ მყოფ მაშველებს საძიებო სამაშველო ღონისძიების დროს. დიახ, თემურ მღებრიშვილი თითქმის 30 საათის განმავლობაში მეხანძრე-მაშველებთან ერთად ადგილზე იყო ამხნევებდა და ხელმძღვანელობას უწევდა მათ. და ისე უტიფრად, ყოველგვარი ბოდიშის გარეშე, ვითომც არაფერი, გადაცემის ანონსში შეიცვალა ფოტო რამდენიმე საათის შემდეგ - რას ნიშნავს ეს? მიზანმიმართული თუ არ არის, ბოდიში მაინც მოიხადე, ან რამე თქვი რომ შეგეშალა.. კაი რა, კაი რა ნოდარ“, - წერს გიორგი თუხარელი და სიუჟეტიდან ამოჭრილ ფოტოებს აქვეყნებს.