მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მომავალ მშობლებს ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის ბაზაზე არსებული მშობელთა სკოლა მოემსახურება

მომავალ მშობლებს ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის ბაზაზე არსებული მშობელთა სკოლა მოემსახურება

მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში მშობელთა სკოლა ფუნქციონირებს, რომელიც რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით ორსულებისა და მათი ოჯახის წევრების ცოდნის ამაღლებას უზრუნველყოფს. ინფორმაციას ევექსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, პროექტის სრული კურსი 6 გაკვეთილისგან შედგება და აერთიანებს ორსულობისთვის, მშობიარობისთვის და ბავშვის მოვლისთვის როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ მომზადებას.

„მშობელთა სკოლის მაღალკვალიფიციური გუნდი დაკომპლექტებულია მეან გინეკოლოგების, ნეონატოლოგების, ფიზიკური თერაპევტების და ფსიქოლოგებისგან. თითოეული გაკვეთილი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე თემატური ვიდეო-მასალების ჩვენებას.

მშობელთა სკოლა მომავალ მშობლებს დაეხმარება სწორად დაგეგმონ ორსულობა, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ფეხმძიმობის პერიოდში ქალის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებზე, საჭიროებებსა და ნაყოფის განვითარებაზე.

მშობელთა სკოლა გამოცდილი ინსტრუქტორის მეთვალყურეობით მომავალი დედებისთვის ორსულობის ვადის შესაბამის სპეციალურ ვარჯიშებს უზრუნველყოფს, რომელიც მშობიარობის პროცესის გაადვილების ერთ-ერთი ხელშემწყობი აქტივობაა.

ასევე აღსანიშნავია ფსიქოლოგების მნიშვნელოვანი როლი სალექციო კურსის განმავლობაში, რომლებიც მომავალ დედებს მშობიარობის პროცესისადმი შიშის დაძლევაში და მშობიარობის შემდგომი ემოციური პერიოდის მართვაში ეხმარებიან“, - ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, მშობელთა სკოლის კურსზე ჩასაწერად მსურველებს საშუალება აქვთ დარეკონ 032 2 600 600.