მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Pia.ge

ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს მესამე პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისა და შიმშილობის ფაქტს ეხმაურება.

მათი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ მრავალპროფილურ საავადმყოფოში, სადაც საჭიროების შემთხვევაში გაეწევა ნებისმიერი პროფილის, დროული და კვალიფიციური სამედიცინო დახმარება და ამით დაცული იქნება მისი სიცოცხლის უფლება:

„ჩვენი მიზანია საზოგადოებას გავაცნოთ ის სამედიცინო რისკები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელ მდგომარეობას უკავშირდება.

დღევანდელი მოცემულობით, მ.სააკაშვილის პროტესტის ექსტრემალურ ფორმის - შიმშილობის 27-ე დღეა. მისი პირადი ექიმის ინფორმაციით, მ.სააკაშვილს ანამნეზში აღენიშნება სისხლმბადი სისტემის თანდაყოლილი დაავადება - თალასემია (საშუალო სიმძიმის) და ღვიძლის თანდაყოლილი პათოლოგია - ჟილბერის სინდრომი (Gilbert’s syndrome)

სამედიცინო რისკების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია შემდეგის გათვალისწინება:

1. შიმშილობით გამოწვეული მჟავე-ტუტოვანი ბალანსის დარღვევა და გულ-სისხლძრღვთა სისტემის დისფუნქცია, გლუკოზის დეფიციტით გამოწვეული პრობლემები, ვიტამინი B1 დეფიციტით გამოწვეული ნევროლოგიური ცვლილებები და სხვა.

2. სტრესით გამოწვეული საშუალო სიმძიმის თალასემიის გადაზრდა თალასემიის მძიმე ფორმაში, რაც სპეციალიზებულ ჰემატოლოგიურ მართვას საჭიროებს.

3. ჟილბერის სინდრომის გამწვავების შედეგად გამოწვეული ჰიპერბილირუბინემია და მასთან დაკავშირებული ჰემოლიზი (სისხლის წითელი უჯრედების დაშლა)

ეს არის იმ შესაძლო მულტიორგანული გართულებების მოკლე ჩამონათვალი, რაც შეიძლება განუვითარდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტს.

მულტიორგანულ გართულებებს კი მულტირპოფილური მართვა ესაჭიროება. მართვის პროცესში აუცილებელია კარდიოლოგების, ნევროპათოლოგების, ჰეპატოლოგების, ენდოკრინოლოგების, ჰემატოლოგების, ინტენსიური თერაპიის სპეციალისტების, რეანემატოლოგების ჩართულობა და შესაბამის ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ გამოკვლევებზე ხელმისაწვდომობა.

საქართველოში რამდენიმე მრავალპროფილური საავადმყოფოა, რომლებიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა პროფილის ექიმებით და სადაც შესაძლებელია მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები (კომპიუტერული ტომოგრაფია, ანგიოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა, ენდოსკოპიური გამოკვლევა), ინვაზიური რადიოლოგიური ჩარევები და ფართო სპექტრის ლაბორატორიული გამოკვლევები.

ჩვენი ინფორმაციით, მხოლოდ გასულ წელს პენიტენციური დაწესებულებიდან მულტიპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანილია 585, რაც ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევა არ იქნება პრეცედენტი და არ შეეწინააღმდეგება ზოგად სამართლებრივ ნორმებს.

ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენი განცხადება მოკლებულია ყოველგვარ პოლიტიკურ კონიუნქტურას, ეფუძნება პროფესიულ, ჰუმანურ და გლობალურ რეპუტაციულ პრინციპებს; სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენი მოთხოვნაა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნეს მრავალპროფილურ საავადმყოფოში, სადაც საჭიროების შემთხვევაში გაეწევა ნებისმიერი პროფილის, დროული და კვალიფიციური სამედიცინო დახმარება და ამით დაცული იქნება მისი სიცოცხლის უფლება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასოციაციის მმართველი საბჭო: სოფიო ბერიძე, რევაზ ბოჭორიშვილი, მაია ბუწაშვილი, ზურაბ გურული, ნინო ისაკაძე, გიორგი კავკასიძე, ვახტანგ კალოიანი, გიორგი კამკამიძე, ბიძინა კულუმბეგოვი, არჩილ მარშანია, მამუკა მაჩაიძე, დავით მრელაშვილი, ანი ქავთარაძე, ვლადიმერ ჩაჩანიძე, გრიგოლ ხურციძე.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 „სტრასბურგის სასამართლოს მიმართეთ“ - ანა დოლიძე სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის თაობაზე ადვოკატებს მოუწოდებს

🔴„შიმშილობს, მაგრამ ალესილი ხმალივით არის“ - გუბაზ სანიკიძე სააკაშვილზე

🔴 „ჩემი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად, მოვითხოვ მიმიყვანოთ „სასამართლოში“ - სააკაშვილი ხელისუფლებას პასუხობს