მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა მტკვრის მარჯვენა სანაპირო გადაკეტეს

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა და ორგანიზატორებმა მტკვრის მარჯვენა სანაპირო გადაკეტეს.

„ვაპირებთ, რა თქმა უნდა, მშრალი ხიდის გადაკეტვას, ჩვენ დავაყენეთ მკაფიოდ ჩვენი მოთხოვნები, ამას წინ უძღვის ჩვენი არგუმენტირებული და სამართლიანი 209-დღიანი პროტესტი. ვთქვით, რომ თუ არ იქნება დაკმაყოფილებული ჩვენი მოთხოვნა, რა თქმა უნდა, მივმართავთ პროტესტის ამ ფორმას.

მოვახდენთ პარალიზებას დედაქალაქში და სხვადასხვა ადგილების პიკეტირება იქნება. ჩვენ ორიენტირებული ვართ იმისკენ, რომ კომპანიამ სამუშაო პროცესი შეაჩეროს, რომელიც ახლა უკანონოდ მიმდინარეობს“, - აცხადებს „რიონის ხეობის მცველი“ ვარლამ გოლეთიანი.

ინფორმაციისთვის, რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის მშენებლობას 2018 წლიდან ეწინააღმდეგება. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქტიური პროტესტი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე 23 მაისს გაიმართა. აქციაზე ვარლამ გოლეთიანმა მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას რამდენიმე მოთხოვნა გააჟღერა და სახელმწიფოს ულტიმატუმი წაუყენა.

როგორც გოლეთიანმა აღნიშნა, თუკი 24 მაისის 12 საათამდე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა, ისინი თბილისის პიკეტირებას მოახდენდნენ.

აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს და მთელი ღამე ადგილზე დარჩნენ.

საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი ულტიმატუმის წაყენებასთან დაკავშირებით „რიონის ხეობის მცველების“ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს კატეგორიულად მიუღებელია. პრემიერის თქმით, ულტიმატუმის ენით საუბარი ბნელი 90-იანი წლების გადმონაშთია.

ვარლამ გოლეთიანის ულტიმატუმს, აგრეთვე, გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და აღნიშნა, რომ ულტიმატუმი და რადიკალიზაცია არ არის სწორი გზა.

პრემიერ-მინისტრისა და ეკონომიკის მინისტრის გამოხმაურებას ვარლამ გოლეთიანმა არაადეკვატური უწოდა.

ამავე თემაზე:

✔️ „შენი უფლებების დასაცავად მოსული ჩემი მეგობრები გამოუგდიათ შენს ბნელ მეგობრებს“ - გიგა მაქარაშვილი ვარლამ გოლეთიანს

✔️ „ულტიმატუმით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია და ეს არის ბნელი 90-იანი წლების გადმონაშთი“ - პრემიერი „რიონის ხეობის მცველების“ განცხადებაზე