მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნათია თურნავა: ყოვლად მიუღებელია ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლა, ჟურნალისტებზე თავდასხმა

ყოვლად მიუღებელია ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლა, ჟურნალისტებზე თავდასხმა

„ყოვლად მიუღებელია ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლა, ჟურნალისტებზე თავდასხმა და რასაკვირველია, ვგმობთ ამ ძალიან სამწუხარო ფაქტს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეების მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ეს არის პირადად მისი და მთავრობის დამოკიდებულება ამ ფაქტის მიმართ.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება მთლიანად მიმართულია იქითკენ, რომ არსებული რისკები, რის შესახებაც ჩვენ უტყუარი ინფორმაცია გვაქვს, თავიდან იყოს არიდებული, არ მოხდეს დაპირისპირება, არ მოხდეს ძალადობა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ინფორმაციისთვის, „პრაიდის კვირეული“ საქართველოში 1-5 ივლისს იმართება. კვირეულის ფარგლებში სულ 3 ღონისძიება დაიგეგმა. 1-ელ ივლისს დოკუმენტური ფილმის კინოჩვენება გაიმართა, 3 ივლისს - პრაიდ ფესტივალი, კვირეულის მთავარი აქტივობის, „ღირსების მარშის“ ჩატარება კი 5 ივლის დაიგეგმა.

„ღირსების მარშის“ ჩატარების წინააღმდეგ მობილიზებულები არიან ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები. მარშის გაპროტესტებისკენ მოწოდება გააკეთა საპატრიარქომაც. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა „საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ბავშვთა საინიციატივო ჯგუფის“ სახელით გაავრცელა განცხადება და 18 წლამდე ასაკის ბავშვებსაც მოუწოდა რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ.

5 ივლისს „რუსთაველის“ გამზირზე სიტუაცია დაიძაბა. პარლამენტის შენობასთან „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაშლილი კარვები დაარბიეს, ხოლო შემდეგ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მოგვიანებით, „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის წარმომადგენლებმა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისი დაარბიეს.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. ვითარება ამ დრომდე დაძაბული რჩება.

იხილეთ აგრეთვე:

👉 „პრემიერმა კონსტიტუცია დღეს თავზე გადაგვახია“

👉 „დაცვის გარანტია არ არსებობს, ყველას სიფრთხილისკენ მოვუწოდებ“

👉 „მოვუწოდებ ყველას, იაზროვნონ სახელმწიფოებრივად, იმოქმედონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“