მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი შედგა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში

ამხედრო კომიტეტის ვიზიტი

ადმირალი რობ ბაუერის ხელმძღვანელობით საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ნატოს სამხედრო კომიტეტი ეწვია. ჩრდილო - ატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს დელეგაცია საქართველოში უკვე მეოთხედ იმყოფება - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ნატოს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლებს კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) მეთაურმა უმასპინძლა.

ცენტრის მეთაურმა დელეგაციის წევრებს საინფორმაციო ბრიფინგი ჩაუტარა, სადაც თავდაცვის ძალების საწვრთნელი შესაძლებლობები, ახალი და მშენებარე ინფრასტრუქტურა და საწვრთნელი სისტემები გააცნო.

სტუმრებმა ცენტრში მიმდინარე ეროვნული და მრავალეროვნული სამეთაურო საშტაბო სწავლებები - „დიდგორი 2021“ და „MAPLE ARCH“ პირადად დაათვალიერეს. ონლაინ რეჟიმში თურქეთ - აზერბაიჯან - საქართველოს სამმხრივ სწავლებას „Eternity 2021“ და დამკვირვებელ - მაკონტროლებლის საერთაშორისო კურსის მიმდინარეობასაც დააკვირდნენ.

მოგვიანებით საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურსა და ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და ადმირალმა რობ ბაუერმა თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესზე, ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო პრიორიტეტებზე, ასევე შავი ზღვის უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრეს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატოს ურყევ მხარდაჭერას ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.