მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკა კვარაცხელიას ოჯახი განცხადებას ავრცელებს

ფიდსის დამფუძნებელი

თბილისში მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელიას ოჯახი განცხადებას ავრცელებს.

ოჯახი მოუწოდებს აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის ოჯახებს, მათი შვილები პოლიციას დაუყოვნებლივ გადასცენ, რადგან არსებობს საფრთხე, რომ მკვლელობის დამკვეთი შემსრულებლების ლიკვიდაციას განახორციელებს, რათა გამოძიებას ხელი შეეშალოს.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე, გამოძიების მიერ დადგენილ იქნა ორი პიროვნების ვინაობა, მათ დაუსწრებლად წარედგინათ ბრალი და აღკვეთის ღონისძიების სახედ განესაზღვრათ პატიმრობა. შესაბამისად, მიმდინარეობს მიმალვაში მყოფ პირთა ძებნა.

ჩვენ, კატეგორიულად გამოვრიცხავთ ნიკოსა და ამ საქმეზე ბრალდებულთა შორის რაიმე ბანალური მიზეზით კონფლიქტის არსებობასაც კი, რადგან ნიკო საერთოდ არ იცნობდა მათ. მოვუწოდებთ აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის ოჯახებს დაუყოვნებლივ გადასცენ მათი დამნაშავე შვილები სამართალდამცავ ორგანოებს, ვინაიდან არსებობს საფრთხე, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებაზე ხელშეშლისა და მკვლელობის რეალური მოტივის დაფარვის მიზნით, დამკვეთმა მოახდინოს მათი ლიკვიდაცია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს პლატფორმა „ფიდსის“ დამფუძნებელი, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ვერაზე ჩაცხრილეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ახალგაზრდა 16 სექტემბერს, გამთენიისას კლინიკაში გარდაიცვალა.

მკვლელობა სავარაუდოდ ნიკა კვარაცხელიას მამის, ე.წ. კანონიერი ქურდის, გია კვარაცხელიას საქმიანობას უკავშირდება. არსებობს მოსაზრება, რომ მკვლელობის შეკვეთა სხვა ქვეყნიდან მოხდა.