მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნინო თანდილაშვილი მედიასემინარს „მედია და კლიმატის ცვლილება“ დაესწრო

ნინო თანდილაშვილი მედიასემინარს დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი მედიასემინარს „მედია და კლიმატის ცვლილება“ დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სემინარის მონაწილეებმა საქართველოში კლიმატის ცვლილების პოლიტიკის ფორმირების პროცესი განიხილეს და კლიმატის ცვლილების საკითხების გაშუქების საერთაშორისო გამოცდილებასა და მიდგომებს გაეცნენ.

ნინო თანდილაშვილმა ყურადღება კლიმატის ცვლილების სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების საკითხებზე და ამ პროცესში მედიის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„მსოფლიო დღის წესრიგის ერთ-ერთ აქტუალური საკითხი კლიმატის ცვლილებებია. ის ეხება ყველას და აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვისაც. პარიზის შეთანხმებამ ქვეყნებს დააკისრა ვალდებულება, იყვნენ მეტად ამბიციურები კლიმატის ცვლილების შერბილების პოლიტიკაში და სათბური გაზების გაფრქვევების შემცირებაში. საქართველოსთვის კლიმატის ცვლილების საკითხი ასოცირების შეთანხმების ნაწილია და ამ მიმართულებით, ევროკავშირთან აქტიურად მიდის მუშაობა, რათა სატრანსპორტო სექტორში და სოფლის მეურნეობის მიმართულებით კლიმატის ცვლილების შერბილებას შეეწყოს ხელი.

ჩვენმა ქვეყანამ მიიღო სტრატეგიული დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრა ქვეყნის ეროვნული წვლილი სათბური გაზების შემცირებაში. მნიშვნელოვანია, მედიას ჰქონდეს ინფორმაცია კლიმატის ცვლილების აქტუალურ საკითხებზე და იმ პროექტებზე, რომლებსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის დირექტორმა, სოფიკო ახობაძემ, მედიასემინარზე, კლიმატის ცვლილების პოლიტიკის განხორციელების პროცესში არასამთავრობო სექტორის მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მხარდაჭერით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (RECC) თანაორგანიზებით, პროექტის „ინტეგრირებული გამჭვირვალობის ჩარჩო“ ფარგლებში გაიმართა.

მედიასემინარის მონაწილე ჟურნალისტებმა საქართველოში კლიმატის ცვლილების თემის გაშუქების ეფექტიან მიდგომებზე და შესაბამის უწყებებთან მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.