მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პანსიონში შესვლასთან დაკავშირებით ნინო ლომჯარიას პირადად გავუწევ რეკომენდაციას“ - მეუფე ნიკოლოზი

მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი ნინოწმინდის პანსიონში მყოფ ბავშვებზე საუბრობს და აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც არასრულწლოვნებზე ძალადობა ხდება, ტყუილია.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, მედიას არ აინტერესებს საიდან მოვიდნენ ეს ბავშვები პანსიონში და რა პირობებში ცხოვრობენ.

მისივე განცხადებით, ეკლესიამ არასრულწლოვნები ქუჩიდან წაიყვანა, სახლები მისცა და აძლევს განათლებას.

„17 წელია ეს ბავშვთა სახლი არსებობს. რაც შეეხება განცხადებას, რომ პროკურატურაშია საქმე აღძრული, ესეც ტყუილია. იმიტომ, რომ თუ არის საქმეები აღძრული, მიიყვანონ ბოლომდე, მაშინ თქვენ რა შუაში ხართ, ტელევიზიები?

თუ ასეთი კრიმინალური დანაშაული ხდება პანსიონში, ვინც არის დამნაშავე, ყველა დასაჯონ, მაგრამ ეს ყველაფერი ტყუილია. იმიტომ, რომ 17 წელია ეს პანსიონი ჩემი ეპარქიის ტერიტორიაზეა და ყველაფერზე პირდაპირი წვდომა მაქვს.

არ გაინტერესებთ საიდან მოვიდნენ ეს ბავშვები? რა პირობებში არიან დღეს, ეს გაინტერესებთ? ის ბავშვები ქუჩაში, რომ არიან, დღესაც 90-იანი წლებიდან მოყოლებული სათითაოდ ეკლესია აგროვებს, მოჰყავს ეკლესიაში. იმ პირობებში რაშიც იყვნენ, იმაზე ბევრად უკეთეს პირობებში არიან. საჭმელი აქვთ, სასმელი აქვთ, ღამის გასათევი აქვთ, განათლება აქვთ“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც პანსიონში მყოფ ბავშვებს სჯიან, მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ „როგორ შეიძლება მეტანია მცირეწლოვანისთვის დასჯის მეთოდი იყოს“.

„მცირეწლოვანი ასაკიდან ვაჩვევთ იმას, რომ იცხოვროს ქრისტიანულად. ლოცვა როგორ შეიძლება დასჯა იყოს, მეტანია ლოცვის ატრიბუტია. პირჯვრის გადაწერა შეიძლება დასჯა იყოს? “, - აცხადებს მეუფე ნიკოლოზი და დასძენს, რომ პანსიონში ქრისტიანული სასწავლებელია.

„აქ არიან ბავშვები ქუჩიდან წამოყვანილები, ავუშენეთ სახლები, ვაცხოვრებთ. ქუჩიდან წამოყვანილი ბავშვისთვის ნებისმიერი პირობა უკეთესობაა“, - აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.

ამასთან, მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ პანსიონში შესვლასთან დაკავშირებით სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას პირადად გაუწევს რეკომენდაციას.

მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პანსიონი ჩაკეტილია, მხოლოდ მედიის მოგონილია.

ინფორმაციისთვის, სახალხო დამცველი ამბობს, რომ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოვლინდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „ქალი ხარ თუ კაცი, ვერ გაგიგია, შენ ვინ უნდა შეამოწმო“ - მეუფე სპირიდონი სახალხო დამცველს

✔️ „უგვანი და ნამუსგარეცხილი იდეოლოგიის ხალხი“ - მეუფე სპირიდონი ომბუდსმენის ოფისის თანამშრომლებზე

✔️ „ე.წ. ომბუდსმენი ჩვენს ბავშვთა სახლს ეჩხუბება, მათი იდეოლოგიაა დავაკანონოთ ერთსქესიანთა ქორწინებები“ - მეუფე სპირიდონი