მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფეისბუკის მარცხი - რა მოხდა სინამდვილეში და ვინ არის დამნაშავე?

ფეისბუკის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი

კომპანია ფეისბუკმა სოციალურ ქსელებში მსოფლიოს მასშტაბით შექმნილი ხარვეზისთვის ბოდიში მოიხადა. ფეისბუკი, ინსტაგრამი და ვოტსაპი 4 ოქტომბერს საღამოს რამდენიმე საათით გაითიშა.

რატომ შეიქმნა პრობლემა?

„მარტივად რომ ვთქვათ - კომპანიის სისტემებმა „შეწყვიტეს“ კომუნიკაცია ინტერნეტთან. თითქოს ვიღაცამ ყველა ქსელიდან ერთდროულად კაბელი გამოაძრო და სისტემები ინტერნეტიდან გათიშა“, - ამგვარად ხსნიან კომპანია Cloudflare-ში, რომელიც რომელიც სპეციალიზიბულია ქსელის ინფრასტრუქტურაზე.

კომპანია ფეისბუკის ახსნა უფრო ტექნიკური აღმოჩნდა:

„პრობლემა გამოიწვია ძირითად მარშრუტიზატორებზე კონფიგურაციის ცვლილებამ, რომლებიც უზრუნველყოფენ ტრაფიკის გაცვლას მონაცემთა ცენტრებს შორის, რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია კასკადის ეფექტი და გახდა სერვისების მუშაობის გაჩერების მიზეზი“, - განაცხადეს კომპანიაში.

რას ნიშნავს ეს?

ინტერნეტი დაყოფილია ასობით ათასი ქვექსელით. მსხვილ კომპანიებს, როგორიცაა ფეისბუკი, აქვს უფრო მსხვილი ქსელები, რომლებსაც ავტონომიურ სისტემებს უწოდებენ. როდესაც ფეისბუკზე შედიხართ (ან ინსტაგრამზე ან ვოტსაპში), თქვენი კომპიუტერი უერთდება მის ქსელს, სასაზღვრო კარიბჭის პროტოკოლის (BGP) დახმარებით - მას შესაძლოა, ვუწოდოთ ერთგვარი ინტერნეტ საფოსტო სერვისი.

იმისთვის, რომ მომხმარებელი სასურველ ვებგვერდზე გადავიდეს, აღნიშნული პროტოკოლი ასახავს ინფორმაციის ყველა შესაძლო მარშრუტს და ირჩევს ოპტიმალურ გზას. სწორედ ამ ინფორმაციის მიღება შეეზღუდა ფეისბუკს, რომელიც აუცილებელია პროტოკოლის მუშაობისთვის. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლებმა დაკარგეს კავშირი ფეისბუკის სისტემებთან, შესაბამისად, ინსტაგრამთან და ვოტსაპთან.

რატომ დაუშვეს ეს?

დაახლოებით 19:45 საათზე გავრცელდა შეტყობინებები იმის შესახებ, რომ კომპანია ფეისბუკის სოციალურმა ქსელებმა მუშაობა შეწყვიტეს.

თავდაპირველად სოციალური ქსელის მომხმარებლები აღნიშნულ შეტყობინებას ჩვეული იუმორით მიუდგნენ, ხოლო „ტვიტერი“, რომელიც „მაგრად იდგა“, კონკურენტების პრობლემას ირონიულად მოეკიდა. თუმცა, მალევე გახდა ცნობილი, რომ სიტუაცია სერიოზულია - კალიფორნიაში გავრცელდა ინფორმაცია ფეისბუკის სათავო ოფისში შექმნილი ქაოსის შესახებ.

New York Times-ის კორესპონდენტმა შირა ფრენკელმა BBC-სთან საუბარში აღნიშნა, რომ პრობლემის გადაწყვეტას დიდი დრო დასჭირდა, რადგან ვერ ერკვეოდნენ, თუ რამ გამოიწვია ხარვეზი. მისივე თქმით, ფეისბუკის თანამშრომლები ფიზიკურად ვერ ახერხებდნენ შენობაში შესვლას.

გაიზარდა დატვირთვა სხვა სოციალურ ქსელებსა და სერვისებზე - მომხმარებლები განიხილავდნენ, რა მოხდა და ფეისბუკის ალტერნატივას ეძებდნენ.

ზუსტად ამ დრომდე არ ვიცით, რატომ „ჩამოიშალა“ ფეისბუკის კომუნიკაციები - იყო თუ არა ეს „ბაგი“ ან ვიღაცის შეცდომა. თუმცა, შეთქმულების რამდენიმე ვერსია უკვე არსებობს. ერთ-ერთი მათგანია - საბოტაჟი, რომელიც კომპანიის შიგნით განხორციელდა.

როგორი რეაგირება ჰქონდათ ფეისბუკში?

ფეისბუკის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი იძულებული გახდა ბოდიში „ტვიტერზე“ მოეხადა.

ანალიტიკოსი მარკ პრული მიიჩნევს, რომ მომხდარი კვლავ აჩენს კითხვებს, რა გამოიწვია სოციალური ქსელის ტექნიკური ოპერატორების დიდი ნაწილის ერთ სისტემაში გაერთიანებამ? მისი აზრით, ამას შეეძლო აეჩქარებინა სოციალური ქსელების მუშაობა, მაგრამ ეს ხომ ნიშნავს, რომ თუკი ერთ ნაწილში რამე აირევა, შეიქმნება კასკადის ეფექტი, ძველმოდური საახალწლო ნათურების მსგავსად, რომლის ერთი ნათურის გადაწვის შემთხვევაში ყველა ნათურა ქრება.

ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ფეისბუკის ჩავარდნა და ზოგადად, მსგავსი ხარვეზები ბოლო წლებში ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ მსოფლიოს საკომუნიკაციო ქსელების დიდი ნაწილის კონცენტრაციამ რამდენიმე გლობალური კომპანიის ხელში შეიძლება პრობლემა შექმნას.

სოციალურ ქსელებთან წვდომის დაკარგვამ მომხმარებლების ნაწილში უბრალოდ, დისკომფორტი გამოიწვია, მაგრამ განვითარებადი ქვეყნების მცირე ბიზნესისთვის ეს კატასტროფა იყო. სხვა მომხმარებლებისთვის ეს იყო უბრალოდ კომუნიკაციის გაწყვეტა მეგობრებთან და ახლობლებთან.

რამდენია დანაკარგი?

თავად ფეისბუკისთვის ყველაზე დიდი დანაკარგი იქნება მისი აქციებისა და მოგების ვარდნა. პლატფორმებზე 6 საათზე მეტი ხნის განმავლობაში არ განთავსებულა რეკლამა. ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ 6 საათიანი ხარვეზი ფეისბუკს 6 მილიარდ დოლარზე მეტი დაუჯდა. ფეისბუკის აქციები 5%-ით დავარდა.

კომპანიას პრობლემები შესაძლოა, დღესაც შეექმნას. აშშ-ის სენატის წინაშე წარდგება ინსაიდერი, რომელიც პასუხისმგებელია შიდა კომპანიის დოკუმენტების ძირითად გაჟონვაზე.

ფეისბუკს პრობლემები შეექმნა მარეგულირებელი თვალსაზრისითაც. გუშინდელი ხარვეზის შემდეგ ნათელია, რომ ამ კომპანიისათვის მოგება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თანამშრომლები. თანაც, ფეისბუკის მიმართ უკვე გაიზარდა ინტერესი სხვადასხვა ქვეყნების მარეგულირებლების მხრიდან, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კომპანია, შესაძლოა, ძალიან დიდია იმისთვის, რომ ეფექტურად გაუმკლავდეს ისეთ გამოწვევებს, როგორებიცაა დეზინფორმაცია, სიძულვილის გაღვივება და მომხმარებლების პირადი ინფორმაციის მოპოვების მცდელობა.

ბუნებრივია, სოციალური ქსელების მუშაობაში ადრეც ყოფილა ხარვეზები, მაგრამ როგორც წესი, მათ მოგვარებას ერთ საათში ახერხებდნენ. ხარვეზები ხდება არა მხოლოდ დიდი სოციალური ქსელის კომპანიების ბრალის გამო, არამედ ხშირად ქსელის ინფრასტრუქტურული კომპანიების არასწორი გათვლების გამოც, ისეთების, როგორებიცაა Cloudflare და Fastly. ეს ნიშნავს, რომ პლანეტის ერთ ნაწილში საკვანძო ინფრასტრუქტურის პრობლემებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მომხმარებლებზე მთელ მსოფლიოში. და ამ ყველაფერს კვლავ მივყავართ შეკითხვამდე - უნდა ეკუთვნოდეს თუ არა ინტერნეტი რამდენიმე მსხვილ კომპანიას?