მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პლატფორმა Feedc-ი განცხადებას ავრცელებს

პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი ნიკო კვარაცხელია

„პლატფორმა Feedc-ის მენეჯმენტი და ტექნიკური ჯგუფი მადლობას გიხდით Feedc-ის დამფუძნებლის ნიკო კვარაცხელიას გარდაცვალების შემდეგ, ჩვენი თანადგომისთვის, ასევე, იმისთვის, რომ ამ დღეების განმავლობაში Feedc-ზე რეგისტრაციის მსურველების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. კომპანიის ყველა თანამშრომელს სჯერა ნიკოს ხედვის, და ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება Feedc-ის ტექნოლოგიურ განახლებაზე მუშაობა“, - ამის შესახებ Feedc-ის მენეჯმენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

Feedc-ის წარმომადგენლების თქმით, კომპანია მაქსიმალურად შეეცდება ბოლომდე მიიყვანოს ის მსოფლიო მასშტაბის პროექტები, რომლებზეც ნიკო კვარაცხელია მუშაობდა:

„ჩვენ მიზანია, რომ ნიკოს იდეა, ჩანაფიქრი და მომავლის ყველა გეგმა, რომელიც Feedc-ს უკავშირდება სისრულეში მოვიყვანოთ. ნიკოს პროექტის მიხედვით Feedc გახდება ყველაზე მასშტაბური კონტენტის გასაზიარებელი პლატფორმა, სადაც ნებისმიერ ადამიანს ბარიერების გარეშე შეეძლება საკუთარი აზრის სხვისთვის გაზიარება, ექნება საშუალება წაიკითხოს მისთვის საინტერესო ბლოგები, ნაშრომები და სტატიები.

ცნობილია, რომ გარდაცვალებამდე ნიკო კვარაცხელია მუშაობდა ახალ, მსოფლიო მასშტაბის გრანდიოზულ პროექტზე, რომელსაც ნიკოს არყოფნით გამოწვეული სირთულის მიუხედავად, ვეცდებით ბოლომდე მივიყვანოთ. ნიკოზე Feedc-ში წარსულში არ ვისაუბრებთ, რადგან ნიკო იყო და არის მომავლის ადამიანი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიამ, ონლაინპლატფორმა Feedc დააფუძნა. ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული სოციალური მედიის პლატფორმა თანამოაზრეებთან ერთად, 2019 წელს, ჯერ კიდევ სტუდენტმა შექმნა. როგორც ის სხვადასხვა ინტერვიუში ჰყვებოდა, პლატფორმის მიზანი სოციალური ქსელების „უსამართლო“ მიდგომის შეცვლა იყო. მისი მიზანი იყო ყველა ადამიანს მისცემოდა ინფორმაციის გავრცელების თანაბარი შესაძლებლობა - იქნებოდა ეს მომხმარებელი, რომელსაც ბევრი მეგობარი თუ გამომწერი ჰყავს თუ ადამიანი, რომელიც სოციალურ ქსელებში ნაკლებად პოპულარულია.

ინფორმაციისთვის, 22 წლის ნიკა კვარაცხელია 15 სექტემბერს თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე სასიკვდილოდ დაჭრეს. ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში მეორე დღეს გარდაიცვალა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 სექტემბერს კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ აკაკი ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

ცნობილია, რომ ნიკა კვარაცხელია „კანონიერი ქურდის“ გია კვარაცხელიას შვილია. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდის მკვლელობა, შესაძლოა, სწორედ მამამისის საქმიანობას უკავშირდებოდეს, რომელიც ეჭვმიტანილია სხვა „კანონიერი ქურდის“ მკვლელობაში, რომელიც 20 წლის წინ მოხდა. მაშინ საკუთარ ავტომობილში ხელნაკეთი ბომბით ქართველი „კანონიერი ქურდი“ დავით კაკულია, მეტსახელად „დათო ტბილისკი“ ააფეთქეს.

მასმედიაში ადრე გავრცელებული ინფორმაციით, არსებობს ვერსია, რომლის თანახმადაც მკვლელს ნიკო კვარაცხელიას ლიკვიდირება რუსეთში მყოფმა კაკულიას შვილებმა შეუკვეთეს.

როგორც კვარაცხელიას ოჯახის წევრებმა განაცხადეს, მკვლელობა არ უკავშირდება „ქურდულ სამყაროს“ და თავად დაღუპულს კრიმინალურ სამყაროსთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.

7 ოქტომბერს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დააკავეს.