მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა სიხშირით ფიქსირდება C ჰეპატიტი ბავშვებში? - ინფექციონისტის განმარტება

ცე ჰეპატიტი და ბავშვები

მსოფლიო მასშტაბით 4 მლნ-მდე ბავშვს C ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ინფექცია აქვს. რა შემთხვევაში ინფიცირდება C ჰეპატიტით ბავშვი? რამდენად რთულად ერევა ბავშვის ორგანიზმი ჰეპატიტთან ბრძოლას და რა ასაკში ერთვებიან მცირეწლოვნები C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამებში. ახალი ამბების სააგენტო PIA.GE-ს ამ და სხვა კითხვებს ექიმი-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პასუხობს.

ინფექციონისტი ამბობს, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია. ექიმის თქმით, განკურნების მაჩვენებელი ძალიან მაღალია და პროგრამაში ჩართული ადამიანების 98% იკურნება.

C ჰეპატიტის პროგრამა

„საერთო ჯამში 70 ათასამდე ადამიანია ჩართული. ამ პროგრამის პრობლემად რჩება ის, რომ ზოგიერთი ადამიანი, ვისაც დიაგნოზი აქვს დასმული, სხვადასხვა მითების თუ დაუდევრობის გამო თავს იკავებს პროგრამაში ჩართვისგან. ამიტომ ჯერ კიდევ გვრჩება ადამიანების ის სეგმენტი, რომლებსაც სჭირდება მკურნალობა, მაგრამ არ იწყებს. ასე გვყავს გამოუვლინებელი პაციენტებიც, ვინც არ იტარებს დიაგნოსტიკას, აქვს ჰეპატიტი და არ იცის ამის შესახებ. მთავარია ადამიანმა გადაწყვეტილება მიიღოს, ჩაერთოს პროგრამაში და განკურნების მაჩვენებლი არის ძალიან მაღალი“, - ამბობს ბუწაშვილი.

მაია ბუწაშვილი განმარტავს, რომ ამ ინფექციისგან ყველაზე მეტად დაზარალებულები 20-დან 50 წლამდე ასაკის ადამიანებია.

„ძირითადად მამაკაცებია, თუმცა, ყველა ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება. არიან ინფიცირებული ბავშვებიც, ხანდაზმულებიც. მაგალითად ყოფილა შემთხვევა, როდესაც პროგრამაში ჩართული იყო 80, 85 და 90 წლის პაციენტები“, - აღნიშნა ბუწაშვილმა.

ჩვენს კითხვაზე, ბავშვების ინფიცირების რამდენი შემთხვევა ფიქსირდება საქართველოში ? - ექიმი ამბობს, რომ ქვეყანაში ბავშვების ინფიცირების ერთეული შემთხვევეია.

C ჰეპატიტი ბავშვებში

„ალბათ საქართველოში რამდენიმე ათეული ბავშვია ინფიცირებული. ინფიცირების ყველაზე ხშირი გზაა ორსულობის დროს დედიდან ბავშვზე გადაცემა. ასევე სამედიცინო მანიპულაციების დროს ინფიცირების შემთხვევებიცაა. ჰეპატიტის თავისებურება ის არის, რომ ბავშვებში უფრო მსუბუქად მიმდინარეობს და ბავშვებს მკურნალობაში არ ვრთავთ. 18 წლის ასაკიდან ხდება პროგრამაში ჩართვა. არსებობს იშვიათი შემთხვევები, როდესაც დაავადება პროგრესირებს და აუცილებელი ხდება მკურნალობა. ასეთ დროს კომისიის და უცხოელი ექსპერტების ჩართვით, მათი სპეციალური გადაწყვეტილებით ასეთი ბავშვებიც ერთვებიან პროგრამაში“, - აღნიშნა ბუწაშვილმა.

როგორც ექიმი განმარტავს, გარკვეული ფაქტორებია, რომლებიც ინდივიდებზეა დამოკიდებული და ასევე ისეთი ფაქტორებიც, რომელიც არ არის ცალკეულ ინდივიდებზე დამოკიდებული.

„ცალკეულ ადამიანზე დამოკიდებულია ის, რომ არ მოხდეს ნარკოტიკების გაკეთება არასტერილური ინსტრუმენტებით, შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტები არ იყოს დაუცველი, თუმცა სამედიცინო დაწესებულებებში ინფიცირებისგან ცალკეული ინდივიდები თავს ვერ დაიცავენ, რადგან ეს ჯანდაცვის დაწესებულებების პასუხისმგებლობაა. მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს ინფექციის კონტროლის ყველა წესი, რომ ადამიანებს ინფიცირების რისკი არ შეექმნას“, - აცხადებს მაია ბუწაშვილი.

C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვა

28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა! აღსანიშნავია, რომ 2015 წლიდან საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, განიკურნოს ამ დაავადებისგან. C ჰეპატიტის პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური და შემდგომი კვლევები ფინანსდება 100%-ით.

C ჰეპატიტი არის ვირუსით გამოწვეული ღვიძლის ანთებადი დაავადება და მიმდინარეობს მწვავე ან ქრონიკული ჰეპატიტის სახით. დაავადება შესაძლოა იყოს მსუბუქად მიმდინარე და მხოლოდ რამდენიმე კვირა გაგრძელდეს, ან მძიმე და ქრონიკული, რომელიც ადამიანს მთელი სიცოცხლის მანძილზე გაჰყვება.

მსოფლიოში 71 მილიონ ადამიანს აღენიშნება ქრონიკული C ჰეპატიტი. საქართველოში ქრონიკული C ჰეპატიტით დაავადებულია დაახლოებით 150 000 ადამიანი. მათგან დიდმა ნაწილმა არ იცის საკუთარი დაავადების შესახებ.