მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რაც ჩვენ ვნახეთ, ეს იყო ცუდად დაგეგმილი პროვოკაცია და ამის შესაძლებლობას არავის მივცემ - კახა კალაძე საზმაუს ეთერში მომხდარ ინციდენტზე

თბილისის მერი კახა კალაძე Pia.ge

თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, დებატებზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სოციალური ქსელის საშუალებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და საზოგადოებას სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილი სასადილოს კვირის მენიუც გააცნო.

მისი თქმით, აღნიშნულ სასადილოებში კერძები ჯანსაღი პროდუქტით და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით მზადდება.

„რასაკვირველია, არავის სჯერა, რომ ამ ახალგაზრდა კაცს მართლა აწუხებს ადამიანების ბედი. თბილისის მერიის კარი ღიაა ყველასთვის, ასევე, ხელმისაწვდომია ნებისმიერი ინფორმაცია და დაინტერესების შემთხვევაში, სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილ სასადილოებზე ყველას მიეწოდება ინფორმაცია. ეს იყო ძალიან დიდი ტყუილი და ცილისწამება. დღეს თბილისში 62 სასადილო ემსახურება 40 000-ზე მეტ ბენეფიციარს და მისი ბიუჯეტი 20 მილიონი ლარია. რასაკვირველია, ვისურვებდი, ბევრად უფრო მეტი დახმარება გაიცეს და უფრო მეტი სარგებელი ნახოს ჩვენმა მოქალაქეებმა მუნიციპალიტეტისგან, თუმცა, ასევე ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება ნაკლები ასეთი ადამიანი იყოს. სწორედ ამისკენ ვისწრაფვით და ესაა ჩვენი მიზანი, რომ სოციალური დახმარებების კუთხით გაიზარდოს თბილისის ბიუჯეტი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ლეიბორისტული პარტიის თბილისის მერობის კანდიდატს შეეძლო პირდაპირი ეთერი არა პროვოკაციისთვის, არამედ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი ხედვის წარმოდგენისთვის გამოეყენებინა.

„ამ ახალგაზრდა კაცს თუ მართლაც გული შესტკივა ადამიანებზე, იაფფასიან შოუს კი არ დადგამდა და პროვოკაციას მოაწყობდა, არამედ საკუთარ ხედვას და რეალისტურ გზებს აჩვენებს საზოგადოებას და სწორედ ამისთვის გამოიყენებდა ტრიბუნას და იმ ეთერს, სადაც იმყოფებოდა. რაც ჩვენ ვნახეთ, ეს იყო ცუდად დაგეგმილი პროვოკაცია და ამის შესაძლებლობას არავის არ მივცემ. რასაკვირველია, ეს არ არის რესტორანი, ვინმეს რომ სხვაგვარი მოლოდინი ჰქონდეს, მაგრამ მერწმუნეთ ყველაფერი მზადდება საღი და ჯანსაღი პროდუქტით. სრულად არის დაცული სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები. ასეთი ცილისწამებებით ეს ვაი პოლიტიკოსები შეურაცხყოფას მე კი არ მაყენებენ, არამედ თავად ბენეფიციარებს და არანაკლებ სტკენენ გული იმ პერსონალს, ვინც ამდენი ადამიანის გამოკვებას კეთილსინდისიერად ემსახურება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატმა სოციალური ქსელის მომხმარებელს ვიდეოჩართვაში სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილი სასადილოს კვირის მენიუც გააცნო.