მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველო ევროკავშირის 5 ქვეყანას საზღვარს უხსნის

თვითმფრინავი

საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან საზღვრების უპირობოდ გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საზღვრები იხსნება შემდეგ ქვეყნებთან: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი.

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ჩამოთვლილი 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს საქართველოში ყველა სახის ვიზიტით მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით შეეძლებათ ჩამოსვლა.

როგორი იქნება ქვეყანაში შემოსვლის წესები

  • საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე მათ უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური, ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვ.
  • მათივე თანხმობის შემთხვევაში, ანდა საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის შედეგად 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, აეროპორტში მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტი
  • ასევე, სავალდებულო წესით ტესტირებას ან კარანტინს გაივლიან ის პირები, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში ევროკავშირის არაწევრ მაღალი საფრთხის მქონე ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია აქვთ
  • საქართველოში ჩამოსულ თითოეულ პირთან, მთელი აქ ყოფნის პერიოდში, პროაქტიურ კომუნიკაციაში იქნება და მათზე იზრუნებს სპეციალურად შექმნილი ქოლ-ცენტრის ჯგუფი

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ევროკავშირის იმ 5 ქვეყნის მიმართულებით, რომლებთანაც საზღვრები უპირობოდ იხსნება, საავიაციო მიმოსვლის და რეგულარული რეისების აღდგენის მიზნით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს საერთაშორისო ავიაკომპანიებთან.

„ავიაკომპანია Lufthansa-სთან უკვე მიღწეულია შეთანხმება მიუნხენის მიმართულებით 2020 წლის აგვისტოდან კვირაში ორი რეისის განხორციელებასთან დაკავშირებით, ასევე ვმუშაობთ AirBaltic-სა და AirFrance-თან“,- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

საქართველოს ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საზღვრები სრულად მარტის შუა რიცხვებში ჩაკეტა.